
რუსეთმა აშშ-ს იმ მოთხოვნების ნუსხა გადასცა, რაც კრემლის აზრით უკრაინაში ომის დასრულებისთვის და ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის არის საჭირო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა მოთხოვნები წაუყენა მოსკოვმა ვაშინგტონს და მზად არის თუ არა ის კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საწარმოებლად მანამ, სანამ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება.
რამდენიმე წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ რუსი და ამერიკელი ჩინოვნიკები ამ მოთხოვნებს უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე პირადი და ვირტუალური შეხვედრების დროს განიხილავდნენ. მათი თქმით, კრემლის მოთხოვნები ფართოა და ჰგავს იმას, რასაც ადრე ის უკრაინას, აშშ-ს და ნატოს უყენებდა.
ადრე გაჟღერებული მოთხოვნები მოიცავდა უკრაინის ნატოში წევრობაზე უარის თქმას, უკრაინაში უცხო ქვეყნის ჯარების არ განთავსებას და ყირიმისა და ოთხი უკრაინული რეგიონის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.
ბოლო წლებში რუსეთი აგრეთვე სთხოვდა აშშ-ს ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით შეეჩერებინა. როგორც Reuters-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერისგან, ვლადიმერ პუტინისგან პასუხს ელის, დათანხმდება თუ არა ის 30-დღიან ცეცხლის დროებით შეწყვეტას.
Reuters-ის ცნობით, პუტინის აზრი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კვლავ გაურკვეველი რჩება, რადგან შეთანხმების დეტალები ჯერ ისევ უცნობია. ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი, კანონმდებელი და ექსპერტი შიშობს, რომ პუტინი დროებით ზავს რუსეთის, უკრაინისა და ევროპის გაყოფისთვის გამოიყენებს, რათა ნებისმიერ მოლაპარაკებებს ძირი გამოუთხაროს.
0
0