
Anadolu Agency აქვეყნებს ანკარის უნივერსიტეტის პროფესორის, ილდიზ დევეჩი ბოზკუსის ინტერვიუს, რომელშიც სომხეთისა და კავკასიის საკითხებზე სპეციალიზებული აკადემიკოსი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო არსებულ დისკუსიებზე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებსა და ამ პროცესების შესაძლო შედეგებზე საუბრობს.
როგორც პროფესორი ამბობს, რუსეთის წინააღმდეგ სომხეთში ახალი ფრონტის გახსნის დასავლური პოლიტიკა, ახლა, საქართველოში ვლინდება.
spnews.io ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
ჟურნალისტი: რამ გამოიწვია ქართველი ხალხის ამბოხება?
რესპონდენტი: „საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის ხმათა უმრავლესობით მიღებამ თბილისის ქუჩებში ხალხის გამოსვლა გამოიწვია. თუ განხილული კანონპროექტი ძალაში შევა, საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური გავლენის გამტარებელი ორგანიზაციები“. თუ კანონპროექტი ძალაში შევა, ასეთი ორგანიზაციების დარეგისტრირების პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გააკონტროლებს.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტი ასეთი ორგანიზაციებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში განსხვავებული აზრის დასათრგუნად შემოიღეს. ოპოზიცია, აგრეთვე მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში. ცნობილია, რომ მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც, დიდი ხანია, მიისწრაფვიან როგორც ევროკავშირისკენ, ისე ნატოსკენ. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების მტკიცებით, აღნიშნული კანონი საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად არის საჭირო, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
კანონპროექტი, რომელმაც თბილისში მრავალდღიანი აქციები გამოიწვია, დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2023 წელს შემოვიდა და პროტესტის შემდეგ, უკან გაიწვიეს. იმან, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნება და აგრეთვე, ქვეყანაზე მისმა შესაძლო გავლენამ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იმ დროს, როდესაც ოპოზიცია კანონს „პრორუსულს“ უწოდებს, ხელისუფლება მიუთითებს, რომ მომიტინგეები ქუჩაში ევროკავშირის და დასავლეთის მხარდაჭერით გამოვიდნენ. რაც შეეხება პროტესტს, რუსეთი აღნიშნავს, რომ თბილისში მომხდარში დასავლელი ძალების გავლენა შეიმჩნევა“.
კითხვა: რას ნიშნავს ქვეყნისთვის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი?
ბოზკუსი: „იმ ფაქტმა, რომ კანონპროექტი, რომელიც ადრე განიხილებოდა, საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტის გამო გაიწვიეს, ახლა კი ის ისევ განიხილება, საზოგადოებაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და გამოხატვის თავისუფლებას აყენებს ზიანს. მეორე მხრივ, ეს მოვლენები აგრეთვე აჩენს კითხვას - გახდება თუ არა საქართველო ახალი უკრაინა? ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღში (აზერბაიჯანის) გამარჯვებამ და რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა მოახდინა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. მეორე ჯგუფი კი ვარაუდობს, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედებით, რეგიონში შეიზღუდება დასავლეთის გავლენა.
ამიტომ, როგორც ჩანს, კანონპროექტის მიხედვით ორი ცალკეული ბლოკის ფორმირება მოხდა - ევროპულის და პრორუსულის. ეს საკითხი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კანონპროექტის ამოქმედება ქვეყნისთვის გამოცდა იქნება ევროკავშირის წევრობისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე. ამ მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს შემობრუნება დასავლეთისკენ, ისევე როგორც სომხეთისა, დასავლეთისთვის რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა. მეორე მხრივ, კანონპროექტის მიღება თბილისის რეგიონალურ პოზიციას უფრო კრიტიკულს გახდის, რადგან ეს, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისგან დააშორებს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური კონკურენციის სიძლიერე განსაზღვრავს, ვინ დარჩება მოგებული და ვინ წააგებს სამხრეთ კავკასიაში“.
კითხვა: იქცევა თუ არა საქართველო რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის ბრძოლის ახალ ასპარეზად?
ბოზკუსი: „გარკვეული პერიოდია, სამხრეთ კავკასიაში ძვრები შეინიშნება. რეგიონალური და გლობალური მოვლენები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ ბზარების ფორმირებაში. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, გახდება თუ არა საქართველო ახალი უკრაინა, რეგიონში მომხდარი, ფაქტობრივად, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მსოფლიო ძალების ისტორიული შეჯიბრება სამხრეთ კავკასიაში. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ კავკასიაში მოვლენების განვითარება დაკავშირებულია ყარაბაღის რეგიონისა და ზანგეზურის კორიდორის ირგვლივ არსებულ ახალ კონიუნქტურასთან. ეს გვაჩვენებს, რომ კავკასიის რეგიონს ისტორიის ყოველ პერიოდში სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.
თუ მთელი ამ მოვლენების საერთო სურათს შევხედავთ, დავინახავთ, რომ მსოფლიო ძალები ცდილობენ, ეს რეგიონი ბრძოლის ახალ ველად აქციონ, როგორც დროის შერჩევის, ისე, ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის შინაარსის თვალსაზრისით. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ საქართველო, ისევე როგორც ისტორიის მრავალ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტრატეგიული, ისე რეგიონალური კუთხით. ყარაბაღში გამარჯვების შემდეგ, დასავლეთის პოლიტიკის გამოვლინება რუსეთის წინააღმდეგ განსაკუთრებით შეიძლება დავინახოთ ახალი ფრონტის გახსნის კუთხით ჯერ სომხეთის გავლით, ახლა კი საქართველოში. ამ პროცესში, სომხეთმა ნათლად განაცხადა, რომ დასავლეთისკენ იბრუნა სახე და აჩვენა, რომ რუსეთს შორდება. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, მსგავსი სიტუაცია საქართველოშიც განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2008 წელს რუსეთთან ურთიერთობაში მწარე გამოცდილება მიიღო აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით (იგულისხმება ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ), ახალ პრორუსულ ნაბიჯს შეუძლია, ქვეყანაში დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და ტრაგიკული შედეგები გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საქართველოს წარსული მწარე გამოცდილება ჯერ კიდევ მეხსიერების ზედაპირზეა, ქვეყანას, როგორც ჩანს, უჭირს ახალი კრიზისის წინაშე დადგომა.
მეორე მხრივ, დასავლური სამყაროს გამოხმაურებები აქციებთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი გამოსვლები, გვაძლევს იმის მინიშნებებს, რომ ეს პროცესი მტკივნეული იქნება. აგრეთვე, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა აშშ და ინგლისი, რომლებსაც ისტორიულ დიდ ძალებს უწოდებენ და აგრეთვე, ევროკავშირის ისეთმა მნიშვნელოვანმა წევრებმა, როგორებიც არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი, განაცხადეს, რომ კანონპროექტი გაწვევას საჭიროებს. ეს აგრეთვე ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ლაკმუსის ქაღალდივით წარმოაჩენს პოზიციებს გლობალურ რეიტინგში“.
0
0