
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კუტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ეგიდით, სტუდენტებისთვის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის - ასმათ ოქროპირიძის საჯარო ლექცია „ქართული ხეზე კვეთილობა“ გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორია არიან.
საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე, ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მიწვეული პირები.
როგორც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, დოქტორმა ასმათ ოქროპირიძემ აღნიშნა, საქართველოში ხეზე კვეთილობის კულტურა მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა. მისი თქმით, ხეზე კვეთის ხელოვნება და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, ავლენდა ღვთისმეტყველებით შთაგონებულ მდიდარ მხატვრულ ფორმებს და მუდამ ინარჩუნებდა ღრმა სულიერ კავშირს ქრისტიანულ ღირებულებებთან.
საჯარო ლექციაზე, რომელმაც ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია, მკვლევარმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ხეზე კვეთილობის ისტორიაზე, განვითარების ეტაპებსა და სტილისტურ თავისებურებებზე საქართველოს მხარეების მიხედვით. ასმათ ოქროპირიძემ სტუდენტებს გააცნო მდიდარი ვიზუალური მასალა - როგორც უძველესი ოსტატების მიერ შესრულებული უნიკალური ნიმუშები, ისე თანამედროვე ხელოვანთა მიერ შექმნილი მაღალმხატვრული ნამუშევრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტაძრების დეკორატიულ ელემენტებს, საკურთხევლებს, კარიბჭეებს, ხატებს და სხვადასხვა არქიტექტურულ დეტალებს, რაც ქართული ხეზე კვეთილობის საგანძურად არის მიჩნეული.
ასმათ ოქროპირიძემ ყურადღება გაამახვილა ქართული ხეზე კვეთილობის ტრადიციებზე, მის ესთეტიკურ და ფილოსოფიურ საფუძვლებზე, სიმბოლიკასა და ორნამენტებზე, ასევე იმ ღრმა სულიერებასა და შინაარსზე, რომელიც თითოეულ ნამუშევარშია ჩადებული.
როგორც ლექციის დასასრულს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, პროექტი „ქართული თვითმყოფადობა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ გააზრებას, ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების განმტკიცებას, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული ღირებულებების უკეთ გაცნობიერებას და ეხმარება სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბებაში. მისი თქმით, საჯარო ლექციათა ციკლის მეშვეობით სტუდენტები იღებენ ცოდნას უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა და ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ, რაც მთლიანობაში ქმნის საქართველოს ისტორიისა და კულტურის სრულ და გააზრებულ სურათს.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
0
0