
სომხეთმა შესაძლოა, მშპ-ის დაახლოებით 23% დაკარგოს, თუ ევროკავშირში გაწევრიანდება, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს.
სომხური მედიის ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა განაცხადა, რომ სომხეთის ევროინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს.
„ყველაზე მოკრძალებული და კონსერვატიული შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთს მშპ-ის დაახლოებით 23 პროცენტი დაუჯდება. შრომის ბაზრის მასობრივი შემცირება და ინფლაციის ზრდა ცხოვრების დონის მნიშვნელოვან ვარდნას გამოიწვევს. შიდა მოხმარება 20 პროცენტზე მეტით შემცირდება, ასევე მოსალოდნელია ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა“, – განაცხადა შევცოვმა.
მისივე თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრობა შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან და სომხეთს არ შეუძლია, ერთდროულად იყოს ორივე ორგანიზაციაში, ამიტომ მას ჯერ EAEU-ს დატოვება მოუწევს.
„ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა, უპირველეს ყოვლისა, ექსპორტზე შეზღუდვების დაბრუნებას, საქონლისა და მომსახურების ერთიანი მოთხოვნების გაუქმებას და სრული საბაჟო კონტროლის აღდგენას ნიშნავს. გარდა ამისა, გაუქმდება სომეხი მიგრანტებისთვის შეღავათიანი რეჟიმი და ტვირთების გადაზიდვისთვის სტანდარტული ტარიფები ამოქმედდება“, – აღნიშნა ალექსეი შევცოვმა.
მისივე განცხადებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა სომხეთისთვის სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს.
0
0