18/12/2024
13:12
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებით, მოსკოვში, გენერალ-ლეიტენანტის იგორ კირილოვისა და მისი თანაშემწის მკვლელობის ბრალდებით, უზბეკეთის 29 წლის მოქალაქე დააკავეს.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი უკრაინის დაზვერვის მიერ იყო დაქირავებული.
,,დაკავებულია 29 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ტერორისტულ თავდასხმაში. დაკითხვისას მან განმარტა, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო დაქირავებული,“ - განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სკუტერში დამალული მოწყობილობა დისტანციურად აფეთქდა.
უკრაინულმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ მკვლელობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. წყაროს თქმით, კირილოვი, რომელმაც სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, "ლეგიტიმური სამიზნე" იყო. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, უკრაინამ 54 წლის კირილოვს, აკრძალული ქიმიური იარაღის მასობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუსწრებლად წაუყენა ბრალი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
24/01/2025