
რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თუ ამის პირობები შეიქმნება. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება“ - განაცხადა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტაბილური კავშირების არსებობა რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესებში შედის, რომლებსაც აერთიანებს მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, კეთილმეზობლობა, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ღირებულებები, მილიონობით ადამიანის ბედი.
„ასობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და წარმატებით ახორციელებს საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში, ხოლო რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში ბოლო დროს იზრდება“ - დასძინა მან.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2012 წელს მოსკოვმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„ახლა, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5-ჯერ გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებებით“ - განაცხადა მან.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა არ გამორიცხა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება და მიესალმა საქართველოს „პრაგმატულ ხაზს“.
0
0