
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ვერ ხედავენ საფუძველს“ უკრაინასთან შავ ზღვაში ორმხრივი ზავის შეთანხმებისთვის.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით „მედუზა“ ავრცელებს.
„ვერ ვხედავთ სიტუაციის გაუმჯობესების რაიმე წინაპირობას და, შესაბამისად, არც ნახევრად ზომების საფუძველს, რომლებიც კიევის რეჟიმს მხოლოდ დროებით ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა 8 აგვისტოს სააგენტო „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების შესახებ მორატორიუმის შეთანხმება შესთავაზა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ თურქეთის შეთავაზება საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან გააჟღერა, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის მხარეს ანკარასგან ოფიციალური მიმართვა არ მიუღია.
13 აგვისტოს სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტა შესთავაზა. წყაროების ცნობით, კიევმა საკუთარი წინადადება მოსკოვს მესამე ქვეყნის შუამავლობით გადასცა.
0
0