
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის მიერ შეგროვებულ მხარდამჭერთა ხელმოწერებში 15,23%-იანი წუნი აღმოაჩინა. პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციისთვის მისი მხარდამჭერების ხელმოწერებში არა უმეტეს 5%-იანი წუნი უნდა იყოს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ, 7 თებერვალს უნდა გაიმართოს. თუ ნადეჟდინს რეგისტრაციაზე უარს ეტყვიან, მას შეუძლია ეს საკითხი სასამართლოში გაასაჩივროს.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ ათობით ადამიანს, ვინც უკვე ცოცხალი აღარ არის და მათი ხელმოწერებია მოტანილი, ეს არის ხელმოწერების შემგროვებელთა ეთიკური ნორმების საკითხი. და კანდიდატიც გარკვეულწილად ამასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა.
ამ განცხადების საპასუხოდ ბორის ნადეჟდინმა მოქალაქეთა ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მისთვის ხელმოწერების მისაცემად რიგში იდგნენ და განაცხადა, რომ „თუ ვინმეს ეს ადამიანები გარდაცვლილები ჰგონია, ან ეკლესიას ან ეგზორცისტს უნდა მიმართოს“.
ბორის ნადეჟდინი რუსი პოლიტიკური მოღვაწე, პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მან 2023 წლის 31 ოქტომბერს განაცხადა. ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგია. ამასთანავე, ექსპერტებმა თავიდანვე ეჭვი გამოთქვეს, რომ კრემლი მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.
0
0