მოსკოვმა შესაძლოა უარი თქვას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ არამეგობრულ სიაშია შეყვანილი. ეს მოიცავს, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, ავსტრალიას, დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, ჩერნოგორიას, იაპონიას, ნაწილობრივ აღიარებულ ტაივანს, სულ 49 სახელმწიფოს. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ წერს.
არჩევნებში კენჭისყრა მარტის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. როგორც „ვედომოსტი“ წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზად ამომრჩეველთა უსაფრთხოებას ასახელებს. საკონსულოების შემთხვევაში, საზღვარგარეთ უბნების გახსნის საკითხს, დოკუმენტებით ამტკიცებენ საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საზღვარგარეთ 444 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 85 პროცენტმა მისცა ხმა ვლადიმერ პუტინს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მეტია (მისი საერთო შედეგი იყო 76,6 პროცენტი).
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილო ათიათასობით ადამიანმა დატოვა რუსეთი. მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში და მხოლოდ 2022 წელს 94 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო ახალი ბინადრობის ნებართვა.
0
0