რუსეთის დუმამ პლენარულ სხდომაზე მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისა და „სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ საჯარო მოწოდებების“ გაკეთების გამო, ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
„ეს არის დოკუმენტი ნაძირლებისა და მოღალატეების შესახებ, რომლებიც დღეს ჩვენს ჯარისკაცებს ზურგში აფურთხებენ და სამშობლოს ღალატობენ.
ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ კომფორტულად ეცხოვრათ, მიეღოთ საპატიო წოდებები, ჯილდოები და ქონება. დღეს კი, ამ თანხებს და ქონებას იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანას ავნონ და უღალატონ, ტალახი ესროლონ და აკრიტიკონ ამ ქვეყნის ჯარისკაცები თუ ოფიცრები.
ამიტომ, ჩვენ თავად ვიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსში შევა ნორმები, რომლებიც მათზე პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას მოგვცემს. ასე ხდება ყველა ქვეყანაში. თანაც, უფრო სასტიკად ექცევიან მოღალატეებს, მაგრამ ჩვენთან, ისინი იღებენ მეორე, მესამე მოქალაქეობას. ამასთან, ამავდროულად, შემოსავლის წყაროებს იყენებენ ჩვენი ქვეყნისთვის დარტყმის და ზიანის მოსაყენებლად“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
თავის მხრივ, სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირინა პანკინამ განმარტა, რომ ქონების კონფისკაცია არა სასჯელის სახეობა, არამედ სისხლის სამართლის ხასიათის ღონისძიება.
0
0