
საქართველოში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, იტყობინება სამშაბათს თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილება.
„ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ან რუსეთის დუმის დეპუტატების ასარჩევად საარჩევნო უბნების შექმნა და სრული ფუნქციონირება“ - ნათქვამია სექციის განცხადებაში, რომელსაც რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოესი საარჩევნო უბნები, სადაც რუსებს ხმის მიცემა შეეძლებათ, მდებარეობს სომხეთში, რუსეთის საელჩოში და გიუმრიში რუსეთის გენერალურ საკონსულოში, ასევე თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის გენერალურ საკონსულოში ტრაპიზონში.
ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს.
0
0