რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას, კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიიტანოს დარტყმები.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, მოსკოვის აღნიშნულმა გეგმებმა ბაიდენის ადმინისტრაციაში ღრმა შეშფოთება გამოიწვია.
"აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენის თაობაზე აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენი შეფასებით, რუსეთი ირანისგან სარაკეტო სისტემების შეძენას აპირებს", - განუცხადა გაზეთ The Wall Street Journal-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ირანული რაკეტების მიწოდება შესაძლოა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდეს, თუ შესყიდვა გაგრძელდება, მაგრამ ამერიკელი ოფიციალური პირები არ მიიჩნევენ, რომ შეთანხმება დასრულებულია.
0
0