-share.jpg)
რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით მოლაპარაკებების გზით, მაგრამ კიევს ამის უფლება არ ეძლევა „ოკეანის გაღმიდან“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა წამყვან რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
„რაც შეეხება საკითხს, გვჭირდება თუ არა რაღაცის დაჩქარება - არა, რა თქმა უნდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. სხვა საკითხია, რომ ჯერჯერობით მეორე მხრიდან, საჯაროდ გვპასუხობენ, რომ არ არიან მზად. ასე გვპასუხობენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ოკეანის გაღმიდან ამის უფლება არ აქვთ“ - განაცხადა მედვედევმა კითხვაზე, სჭირდება თუ არა რუსეთს ნატოსთან პირდაპირი კონფლიქტი.
მან დასძინა, რომ ოკეანის გადაღმა "ერთი, მაგრამ ცეცხლოვანი ვნება ან მიზანი აქვთ - მაქსიმალური ზიანი მიაყენონ რუსეთის ფედერაციას".
მედვედევმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევის მცდელობა, დაიბრუნოს ყირიმი, იქნება საფუძველი რუსეთისთვის გამოიყენოს აბსოლუტურად ნებისმიერი იარაღი.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგიერთ სერიოზულ შეტევაზე, რომელიც დაკავშირებულია ყირიმის აღდგენის მცდელობასთან, აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს არის დაცვის ყველა საშუალების გამოყენების საფუძველი, მათ შორის ბირთვული შეკავების ძირითადი დოქტრინით გათვალისწინებული, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი ტიპის იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნის თავად სახელმწიფოს არსებობას“ - განაცხადა მედვედევმა.
მისი განმარტებით, სახელმწიფოს ნაწილის გაყოფის მცდელობა ნიშნავს, რომ ეს არის ხელყოფა თავად სახელმწიფოს არსებობისა.
„ამიტომ, გამოიტანეთ საკუთარი დასკვნები: აშკარად არის აქ ნებისმიერი იარაღის გამოყენების საფუძველი. აბსოლუტურად ნებისმიერი. და იმედი მაქვს, ჩვენი „მეგობრები“ ოკეანის გადაღმა გაიგებენ ამას“ - აღნიშნა მედვედევმა.
0
0