Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულა.
„უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგა, რომლებიც თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ შემდეგ უკრაინამ დაარღვია ყველა ეს შეთანხმება და დასავლეთის ქვეყნების, ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მითითებებს დაემორჩილა, რომ მას რუსეთთან ბოლო ამოსუნთქვამდე ებრძოლა,“ - თქვა პუტინმა.
პუტინმა, კერძოდ, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაადანაშაულა. პუტინის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯონსონმა ზელენსკის კონფლიქტის საწყის ეტაპზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გადააფიქრებინა.
„ის ფაქტი, რომ ისინი [უკრაინელები] დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯონსონის მოთხოვნას ან აზრს ემორჩილებიან, სასაცილო ჩანს“, - თქვა პუტინმა.
ჟურნალისტის კომენტარზე - ,,ამერიკულ საზოგადოებას არ აქვს კონკრეტული წარმოდგენა შექმნილი, თუ რატომ შეიჭრა რუსული არმია უკრაინაში ან რა მიზნები აქვს პუტინს ახლა“ - რუსეთის ფედერაციის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი და აშშ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებაზე, „სხვადასხვა სააგენტოების მეშვეობით“, კვლავ საუბრობენ.
,,რუსეთის გზავნილი შეერთებულ შტატებს - თუ მართლა გინდათ ბრძოლის დასრულება, თქვენ უნდა შეწყვიტოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ეს [კონფლიქტი] რამდენიმე კვირაში დასრულდება.
ჯო ბაიდენს უკანასკნელად უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ვესაუბრე. იმ დროს, მას ვუთხარი - ჩემი აზრით, ისტორიული მასშტაბის შეცდომას უშვებთ იმ მხრივ, რომ მხარს უჭერთ [ანუ რუსეთის დევნით] ყველაფერს, რაც იქ, უკრაინაში ხდება“, - თქვა პუტინმა.
0
0