
მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ.
"ჩვენ არ გადავცემთ, აშშ-ც არ აძლევს [ბირთვულ იარაღს] საკუთარ მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ [ბირთვული იარაღი] აქვთ გარკვეულ მოკავშირე ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც ამავეს გაკეთებას ვაპირებთ. სწორედ ეს მთხოვა ალექსანდრ გრიგორევიჩმა (ლუკაშენკომ)". – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის შენახვისთვის საჭირო საცავის მშენებლობა ბელარუსში ივლისში დასრულდება.
"3 აპრილიდან ეკიპაჟების გადამზადებას ვიწყებთ. 1-ელ ივლისს კი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საცავის შენებას დავასრულებთ". – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, ბელარუსს რუსეთი უკვე დაეხმარა თვითმფრინავების გადაიარაღებაში და, ამას გარდა, ისკანდერის სარაკეტო სისტემებიც გადასცა.
პუტინის თქმით, ამ ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე დაამატა, რომ ბელარუსი დიდი ხანი ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.
0
0