01/09/2023
11:27
მსოფლიო
ნობელის ფონდის განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები სტოკჰოლმში ნობელის პრემიის ბანკეტზე მიიწვიეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ქვეყნების ელჩები ნობელიის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე გასულ წელს რუსეთ-უკრაინის ომის გამო არ მიიწვიეს.
ბელარუსი რუსეთის მთავარი მოკავშირეა და მისმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" - გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრას.
ირანი, რომლის წარმომადგენელსაც 2022 წელს ასევე არ მისცეს ცერემონიაზე დასწრების უფლება, შვედეთის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე მიიწვიეს. თეირანს, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დიდი ხანია აკრიტიკებენ. გაერომ განაცხადა, რომ 2022 წელს საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს მთავრობა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის ზღვარზე იყო.
ფონდის განმარტებით, ის ცდილობს, ღონისძიებაში ჩართოს ის ქვეყნებიც კი, რომლებიც არ იზიარებს ნობელის პრემიის ღირებულებებს.
„ცხადია, რომ სამყარო სულ უფრო მეტად იყოფა სფეროებად, სადაც მცირდება დიალოგის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა შორის. ამ ტენდენციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ვაფართოებთ მოწვევის მასშტაბს, რათა აღვნიშნოთ და გავაცნობიეროთ ნობელის პრემიისა და თავისუფალი მეცნიერების, კულტურისა და მშვიდობიანი საზოგადოების მნიშვნელობა,“ - განაცხადა ნობელის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვიდარ ჰელგესენმა.
ერთ-ერთმა შვედმა ლიბერალმა ევროპარლამენტარმა კარინ კარლსბრომ წლევანდელ მოწვევებს "არაადეკვატური" უწოდა და ფონდი "საშიში პრეცედენტის" შექმნაში დაადანაშაულა.
„გლამურულ წვეულებაზე მოწვევით რუსეთს მწვანე შუქს უნთებთ იმ დროს, როცა უკრაინის კულტურულ ცენტრებს რაკეტები ეცემა და ბავშვები იხოცება,“ - თქვა კარინ კარლსბრომ.
შვედეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბრისას კარინ კარლსბრომ რუსეთს, ბელარუსსა და ირანს "თაღლითი სახელმწიფოები" უწოდა, რომლებიც "ჩაგრავენ თავიანთ მოქალაქეებს, აწარმოებენ ომს და ტერორს საკუთარი ხალხისა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ".
„ისინი ის ქვეყნებია, რომლებიც არანაირად არ იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს. ევროპაში ომია. [ეს ქვეყნები] წარმოუდგენლად გულუბრყვილო პოზიციას იკავებენ. ეს ძირს უთხრის იმ ერთიანობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გვჭირდება," - აღნიშნა კარინ კარლსბრომ.
ნობელის პრემიის ექვსი ცერემონიიდან ხუთი ყოველწლიურად სტოკჰოლმში ტარდება, ხოლო ნობელის მშვიდობის პრემიის - ოსლოში.
0
0