16/02/2024
11:42
მსოფლიო
„რუსეთი კოსმოსში განსათავსებელ ახალ ბირთვულ იარაღზე მუშაობს. აშშ-ის საზოგადოებისთვის უშუალო საფრთხე არ არსებობს. არ ვსაუბრობთ ისეთ იარაღზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანებზე თავდასხმისთვის, ან დედამიწის ფიზიკური განადგურების მიზნით. აღნიშნული დანადგარის მისია აშშ-ის სატელიტური კავშირების გათიშვა და განადგურება იქნება. პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია სადაზვერვო ინფორმაციის შესახებ და მისი ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ეს სერიოზული საკითხია, თუმცა უახლოეს მომავალში კრიზისი არ არის მოსალოდნელი,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.
მანამდე კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე ასრებობს". როგორც CBS News-ი იუწყება, კოსმოსური ბირთვული იარაღი სატელიტებზე დასამიზნებლად გამოიყენება.
მოსკოვის მტკიცებით, ახალი რუსული იარაღის შესახებ აშშ-ის მიერ გავრცელებული განცხადებები ერთგვარი ხრიკია, რათა კონგრესმა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაცემას მხარი დაუჭიროს.
სამხედრო ექსპერტები დიდი ხანია აცხადებენ რომ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულ სამყაროში, კოსმოსი, სავარაუდოდ, ომის შემდეგი ზღვარი გახდება. წლების განმავლობაში, აშშ-ის ჩინოვნიკები და აერონავტიკის სფროში ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ რუსეთი და ჩინეთი სტაბილურად ავითარებენ სამხედრო შესაძლებლობებს კოსმოსში, რადგან ისინი აშშ-სთან კონკურენციას ცდილობენ, თუმცა ნებისმიერ საფრთხეს შეიძლება შორსმიმავალი გავლენა ჰქონდეს აშშ-ის თანამგზავრებზე.
0
0