
პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ თავმჯდომარე სერგეი მირონოვი რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის როუმინგის გაუქმების ინიციატივით გამოდის, იტყობინება TASS. მან შესაბამისი მოთხოვნით წერილი გაუგზავნა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს.
მირონოვი აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო სეზონის მოლოდინში, ქვეყნებს შორის როუმინგის გაუქმება განსაკუთრებით აქტუალურია და გაიხსენა, რომ 2025 წლის 1 მაისიდან, საკავშირო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსს შორის როუმინგი გაუქმდა.
„აფხაზეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა ყოველდღიურად სამუშაოდ რუსეთის ფედერაციას სტუმრობს და ისინი ასევე, იძულებულნი არიან, მაღალი ტარიფები გადაიხადონ მობილური კომუნიკაციისა და ინტერნეტისთვის“, - თქვა მირონოვმა.
რუსმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მობილური კომუნიკაცია რუს ტურისტებს წუთში შემავალ და გამავალ ზარებზე, დაახლოებით, 40-100 რუბლი უჯდებათ და აღნიშნა როუმინგის გაუქმების მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის ტურიზმის ბაზრის გამავალი სეგმენტის მნიშვნელოვან წილს იკავებს.
0
0