23/04/2023
11:46
მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყებიდან, შვეიცარიამ 7,5 მილიარდი ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. თუმცა, ბერნი უარს ამბობს კერძო რუსული აქტივების კონფისკაციაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ძირს უთხრის არსებულ იურიდიულ წესრიგს.
ამჟამად შვეიცარია არ აპირებს, შეუერთდეს საერთაშორისო REPO სამუშაო ჯგუფს (რუსული ელიტები, მარიონეტები და ოლიგარქები) რუსეთის მოქალაქეების აქტივების გაყინვის მიზნით. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა დეპარტამენტმა განაცხადა. თუმცა, ბერნი მომავალში ამ ჯგუფის მუშაობაში მისი მონაწილეობის შესაძლებლობაზეც საუბრობს.
"შვეიცარია არ ხედავს საჭიროებას, ოფიციალურად შეუერთდეს REPO სამუშაო ჯგუფს. თუ მომავალში გაწევრიანება შვეიცარიის ინტერესებში შევა, ფედერალურმა საბჭომ შესაძლოა გადახედოს სიტუაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
REPO სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია, გაყინოს რუსების აქტივები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ, 2022 წლის მარტში შეიქმნა, მოგვიანებით მან G7-ის ყველა წევრი ქვეყანა მოიცვა.
2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში, G7-მა შვეიცარიას გაუგზავნა წერილი, სადაც გააკრიტიკა მისი მუშაობა სანქცირებული რუსული აქტივების დაბლოკვის გამო. G7-მა წერილში აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მკაცრი პოლიტიკა სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბერნმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შვეიცარიამ 7,5 მილიარდი ფრანკის (7,39 მილიარდი ევრო) ღირებულების აქტივები გაყინა. შედარებისთვის: 2022 წლის თებერვლიდან გერმანიამ 5,3 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.
თუმცა, შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ოფისმა (FJU) განაცხადა, რომ კერძო რუსული აქტივების კონფისკაცია იქნება კონსტიტუციის დარღვევა და "ეს ძირს უთხრის არსებულ იურიდიულ წესრიგს". ეს ასევე იქნება შვეიცარიის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა, განაცხადა FJU-მ.
0
0