11/12/2024
12:31
მსოფლიო
რუმინეთის პროევროპული პარტიები - სოციალ-დემოკრატები, მათი ამჟამინდელი კოალიციური პარტნიორი მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალები, ოპოზიციური ცენტრისტი ,,Save Romania Union“ და ეთნიკური უნგრეთის პარტია - შეთანხმდნენ, რომ დაჩქარებული წესით ჩამოაყალიბონ პროევროპული მთავრობა, რომელიც ულტრამემარჯვენეებს შეზღუდავს და მხარს დაუჭერს ერთ პროევროპულ კანდიდატს ქვეყანაში გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად.
,,უახლოეს დღეებში, ოთხი პარტია და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები იმუშავებენ საერთო მმართველობის პროგრამაზე, რომელიც დაფუძნებულია განვითარებასა და რეფორმებზე და ითვალისწინებს რუმინეთის მოქალაქეების პრიორიტეტებს", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
1-ლი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა მემარცხენე სოციალ-დემოკრატებმა ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვეს, ხოლო სამმა ულტრანაციონალისტურმა და ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ [რომელთაგან ზოგიერთი აშკარად პრორუსულია] -მანდატების მესამედი.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნატოს ულტრამემარჯვენე კრიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, რამაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ეჭვები გამოიწვია. მოგვიანებით, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა და არჩევნების ხელახლა დანიშვნის შესახებ განაცხადა.
როგორც Reuters-ი წერს, ახალ მთავრობას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ახალი კალენდრის შემუშავება დასჭირდება - სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ ნახევარში. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი წარადგენს, რომელიც თანამდებობაზე ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე დარჩება.
0
0