
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობა თუ გადაწყვეტს, რომ უვიზო რეჟიმის პირობები არ არის შესრულებული, შეჩერდება, თუმცა ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე ვართ, – ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხი ბრიუსელში ახლახან გაიგზავნა და ჯერ ოფიციალური პირები დოკუმენტს არ გაცნობიან.
„ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ეპასუხა 31 აგვისტომდე, თუმცა ჩვენ არ გვინახავს ოფიციალური პასუხი. ვხედავთ მხოლოდ იმას, რასაც მედია წერს, ჩვენ გვინდოდა დოკუმენტის ნახვა. დიახ, უვიზო რეჟიმი მოიცავს გარკვეულ პოლიტიკურ პირობებს, რომლებიც უნდა შესრულდეს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობა თუ გადაწყვეტს, რომ პირობები არ არის შესრულებული, მაშინ შეჩერდება, თუმცა ამ მომენტისთვის ჩვენ ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე ვართ. ამ მომენტში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული პასუხი. ის ახლახან გაიგზავნა ბრიუსელში, ასე რომ, ვამჯობინებთ ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც ვნახავთ პასუხს“, – განაცხადა როტუნდუმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შენარჩუნება, ელჩმა უპასუხა, რომ ამას პასუხი თავად ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს.
„ეს არის ქართველი ხალხისა და ქართველი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამას დიდ სარგებელი მოაქვს“, – აღნიშნა რაზვან როტუნდუმ.
ჟურნალისტმა ელჩს კითხვა დაუსვა, როგორ აფასებს საქართველოში ვითარებას და როგორ მოქმედებს ეს ინვესტიციებსა და ბიზნესგარემოზე. საპასუხოდ როტუნდუმ აღნიშნა, რომ საქართველოში პოლარიზაციაა.
„ჩვენ ნამდვილად ვნახეთ პოლარიზაცია. ველოდებით ანგარიშის ინგლისურენოვან ვერსიას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ჩვენს საკუთარ გადაწყვეტილებებს. ეკონომიკური კავშირები და ინვესტიციები მხოლოდ იმ სახელმწიფოში ყვავის, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება“, – განაცხადა როტუნდუმ.
0
0