-share.jpg)
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დაგიჭიროთ არამხოლოდ ჩვენი პოზიციონირებიდან, არამედ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს ამ პროცესში, – ამის შესახებ რუმინელმა, ნიკუ ფალკოიმ დეპუტატმა კოპენჰაგენში განაცხადა.
დეპუტატის თქმით, რუმინეთი საქართველოს მეგობრად მოიზრებს.
„საკუთარ თავს საქართველოს მეგობრებად მოვიაზრებთ, მე პირადად თქვენი ქვეყნის მეგობრად მივიჩნევ თავს და სწორედ ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, როგორც მეგობრებმა რჩევა მოგცეთ. კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრულია რეკომენდაციები, რომელიც უნდა შესრულდეს, ჩვენ ამაზე უდიდესი გამოცდილება გვაქვს, რადგან რუმინეთისთვისაც არ იყო მარტივი ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გავლილი გვაქვს ის ფრუსტრაცია, რასაც ახლა ქართველი ხალხი განიცდის და ვიცით ეს გრძნობა, როგორ მუშაობს. ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს და საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ამ გამოცდილებიდან ისწავლოს. მზად ვართ ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის“, – განაცხადა ფალკოიმ.
ამასთან, რუმინელმა დეპუტატმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არ არის სასიამოვნო სიახლე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით.
„იმედი გვაქვს, რომ ეს სურვილი, რომელიც ამ ეტაპზე სურვილია, არ განხორციელდება. დიახ, ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხი ძალიან დაბალ დონეზეა. უსაფრთხოების დონე უნდა გაუმჯობესდეს და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენი ხალხის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში ნატო-ს ქოლგა იქნება ჩვენთან, რამდენადაც რუმინეთი ნატო-ს სრულფასოვანი წევრია“, – განაცხადა ფალკოიმ.
0
0