ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს ყოველკვირეული აუდიენციის დროს ინციდენტი მოხდა - ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფის ორმა წევრმა ხარების ბრძოლის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აბრები აღმართეს. ქალები, რომლებსაც ეცვათ თეთრი მაისურები ლოზუნგებით „ხარების ბრძოლა ცოდვაა“, „შეწყვიტე კორიდას ლოცვა-კურთხევა“, ვატიკანის პავლე VI-ს საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ. უსაფრთხოების თანამშრომლებმა ისინი დარბაზიდან სწრაფად გაიყვანეს.
აქტივისტების მტკიცებით, ზოგიერთი კათოლიკე მღვდელი ადგილობრივი მატადორების საქმიანობას ლოცავს. მსგავსი პროტესტი რომის წმინდა პავლეს ბაზილიკასთან, იანვარში, ორმა ქალმა აქტივისტმაც გამოთქვა.
რომის პაპს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. Reuters-ის ინფორმაციით, ფრენსისი, ერთთვიანი საზაფხულო შესვენების შემდეგ, პირველ გენერალურ აუდიენციას ატარებდა. რომის პაპი საზღვარგარეთ ვიზიტებისა და კათოლიკური ეკლესიის მომავლის შესახებ ძირითადი დებატებისთვის ემზადება.
როგორც ცნობილია, მისმა ერთ-ერთმა წინამორბედმა, მე-16 საუკუნეში მოღვაწე პაპმა პიუს V-მ, ხარების ბრძოლა უკანონოდ გამოაცხადა. მისი შეფასებით, ეს საქმიანობა "უფრო დემონურია, ვიდრე მამაკაცური.“
ტრადიციულად, ხარების ბრძოლები ესპანეთში, საფრანგეთში, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასა და პორტუგალიაში იმართება.
0
0