რომში, ბარსელონასა და ათენში, ადგილობრივ მოსახლეობას წყლის დეფიციტი, „მომაბეზრებელი ტურისტებით“ გადატვირთული ქუჩები და საცხოვრებელი ხარჯების ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ზაფხულში, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიისა და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოსული ადგილობრივები და აქტივისტები, რომელთაგან ზოგი წყლის თოფებით იყო შეიარაღებული, „ხმაურიან სტუმრებს“ შინ წასვლისკენ მოუწოდებდნენ.
მომიტინგეების თქმით, გადაჭარბებული ტურიზმი საცხოვრებლის ფასებს ზრდის, აჩქარებს ჯენტრიფიკაციას და ამცირებს წყალმომარაგებას. გვალვით დაზარალებულ ურბანულ ცენტრებში, როგორიცაა ბარსელონა, ტურისტები გაცილებით მეტ წყალს მოიხმარენ, ვიდრე საშუალო მცხოვრებნი. დამშრალ სიცილიაში, წყლის დეფიციტის გამო უამრავმა ქალაქმა უარი თქვა ტურისტების მიღებაზე. მთავრობები, თავის მხრივ, ნაკლებად ანხორციელებენ გრძელვადიან ღონისძიებებს. ევროკავშირის მრავალი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ტურიზმი ეკონომიკის მთავარი საყრდენია: Allianz-ის ანალიზის მიხედვით, ხორვატიაში ტურიზმის სექტორი ეკონომიკის 11.3%-ს შეადგენს, პორტუგალიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში - 6-8%-ს.
ტურიზმის ორწლიანი შეფერხების შემდეგ, ე.წ. რევანშისტული ტურიზმი განვითარდა - მოგზაურობის მსურველმა ადამიანებმა იმ ადგილების მონახულება დაიწყეს, რომლებსაც პანდემიის დროს ვერ ესტუმრნენ. 2023 წელს, ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა, ნაწილობრივ, ტურიზმის ხარჯზე, ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს აჯობეს. მთელ ბლოკში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო პორტუგალიის, საბერძნეთისა და ესპანეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ზე მეტით განისაზღვრა.
”მედიაში იმას ვხედავთ, რაც ჯერ კიდევ პანდემიამდე შევნიშნეთ - ტურიზმის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი ისევ განახლდა. წარმატებული ტურისტული სტრატეგია ფოკუსირებული უნდა იყოს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების ბალანსზე და უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის დონე, ასევე დანიშნულების ადგილის სიდიდე ინფრასტრუქტურისა და რესურსების ჩათვლით. მაგ., ამსტერდამი ტურიზმის სექტორის კონტროლს შესანიშნავად ართმევს თავს. ქალაქმა [წითელი ფარნების ქუჩაზე] თამბაქოს მოწევა და ახალი სასტუმროების მშენებლობა აკრძალა”, - განუცხადა POLITICO-ს გაეროს ტურისტული სააგენტოს ბაზრის დაზვერვის, პოლიტიკისა და კონკურენციის დირექტორმა სანდრა კარვაომ.
ივლისის ბოლოს, პალმა დე მაიორკაში 20,000-მდე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც ტურიზმის განვითარების მოდელის შეცვლას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ტურიზმი ზიანს აყენებს ბალეარის კუნძულებს, რომელთა მთავარი სამი კუნძულია მაიორკა, მენორკა და იბიცა. ბარსელონაში, აქტივისტებმა უცხოელ სტუმრებს წყლის პისტოლეტებით სითხე შეასხურეს. ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა დაგმო ეს ქმედება და თქვა, რომ აქტივისტებმა „არასწორად წარმოადგინეს ქვეყნის სტუმართმოყვარეობის კულტურა“. ესპანეთის ქუჩებსა და საჯარო სივრცეებში გამოკრულ სტიკერებსა და წარწერებზე ჩანს სიტყვა „guiris“, რაც „რბილად“ დამამცირებელი ტერმინია ტურისტებისთვის, რომლებიც ვერ იცავენ ადგილობრივ კანონებს და კულტურას პატივს არ სცემენ.
მიმდინარე ზაფხულში, მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა ესპანეთის ქალაქებში - მადრიდში, მალაგაში, გრანადასა და ალიკანტეში, ასევე ესპანეთის ფარგლებს გარეთ, ტურისტულ ცხელ წერტილებში, როგორიცაა პორტუგალია, იტალია და საბერძნეთი. ზოგიერთმა ქალაქმა, ტურისტული ნაკადის შეჩერების მიზნით, მცირე წესები დანერგა: იტალიის ქალაქ პორტოფინოში აკრძალულია სელფების გადაღება, რომში - ესპანურ კიბეებზე დაჯდომა, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში და საბერძნეთის ქალაქ სანტორინში - დიდი კრუიზების მოწყობა და ჩინკვე-ტერეში - სანდლებით სიარული.
ტურისტების რაოდენობის შეზღუდვის მიზნით, ვენეციაში შესასვლელად ხელისუფლებამ სიმბოლური 5 ევრო დააწესა. თუმცა, ღონისძიებამ უკუშედეგი გამოიღო და ადგილობრივების შემდგომი პროტესტი გამოიწვია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ქალაქი თემატურ პარკად გადაკეთდა.
ზოგი ქალაქი უფრო დიდ ფსონს დებს: ბარსელონას მერმა ივნისში განაცხადა, რომ 2028 წლისთვის, ქალაქში შესული ტურისტებისთვის ბინების მოკლევადიანი გაქირავება აიკრძალება. კანარის კუნძულებმა, ბერლინმა და ლისაბონმა მსგავსი ზომები მანამდე მიიღეს.
0
0