14/12/2025
17:54

უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასასრულებლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისის სახით, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ში გაწევრიანების ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისი იყო.
„უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატო-ში გაწევრიანება, ეს არის რეალური უსაფრთხოების გარანტიები. აშშ-მა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი ამ მიმართულებას. ამიტომ დღეს, უკრაინასა და აშშ-ს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები, აშშ-ს მხრიდან ჩვენთვის მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები და ევროპელი კოლეგების, ასევე სხვა ქვეყნების – კანადის, იაპონიის – უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი რუსული შემოჭრა. და ეს უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა,რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო უნდა იყოს.
0
0