
ლუვრის მუზეუმს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად წლები დასჭირდება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. როგორც სახელმწიფო აუდიტორის ანგარიშშია ნათქვამი, საფრანგეთის ლუვრის მუზეუმში უსაფრთხოების აუდიტი ათი წლის წინ დაიწყო, თუმცა რეკომენდირებული განახლებები 2032 წლამდე არ დასრულდება.
სახელმწიფო აუდიტორის ანგარიში ლუვრის ძარცვამდე მომზადდა და აუდიტის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მდგომარეობით, მუზეუმების ოთახების მხოლოდ 39%-ია აღჭურვილი კამერებით. 2015 წელს დაწყებულმა უსაფრთხოების აუდიტმა დაადგინა, რომ მუზეუმს არ აქვს საკმარისი მონიტორინგი და არ არის სათანადოდ მზად კრიზისისთვის.
„რამდენიმე წელი იქნება საჭირო პროექტის დასასრულებლად. მუზეუმის ადმინისტრაციის თანახმად, დასრულება არ არის მოსალოდნელი 2032 წლამდე“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუზეუმის მხრიდან ინფრასტრუქტურის განახლების შესაძლებლობის არქონას ამძიმებს ხელოვნების ნიმუშების შესაძენად გაწეული დიდი ხარჯები, რომელთა მხოლოდ მეოთხედია წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, მუშაობის განახლების პოსტპანდემიური პროექტები, ასევე არაეფექტიანობა და ბილეთებთან დაკავშირებული თაღლითობა, ხოლო მიმდინარე წელს გამოცხადებული ინიციატივები არ ეფუძნებოდა ტექნიკურ-ეკონომიკურ საჭიროებებს და არ ითვალისწინებდა პერსონალის ნაკლებობას.
ანგარიში მოიცავს 10 რეკომენდაციას, რომელთა შორისაა მუზეუმის მიერ ახალი ექსპონატების შეძენის შემცირება, ბილეთების ფასების გაზრდა და ციფრული ინფრასტრუქტურის და მართვის განახლება.
ლუვრში ოქტომბერში მომხდარმა ძარცვამ, რა დროსაც 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს, გააჩინა კითხვები მუზეუმში ექსპონატების დაცულობასთან დაკავშირებით. ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული არ ყოფილა. ძარცვაში ბრალი წარდგენილი აქვს ოთხ ეჭვმიტანილს, თუმცა ძვირფასეულობა ამ დრომდე აღმოჩენილი არ არის.
0
0
სინგაპურში ინტერნეტ-თაღლითებს გაროზგავენ
06/11/2025