
ჩვილი, რომელიც სირიაში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში დაიბადა, საავადმყოფოშია მოთავსებული - აია, რომლის სახელი არაბულად "სასწაულს" ნიშნავს, მაშველებმა დედის ცხედარზე ჭიპლარით მიბმული იპოვეს. დედა, მამა და მისი ოთხივე დედმამიშვილი მიწისძვრამ იმსხვერპლა.
"ჩვილი საავადმყოფოში შემოყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა კოპები, ჩალურჯებები, გაყინული იყო და ძლივს სუნთქავდა," - ამბობს პედიატრი.
მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.
ბავშვის გადარჩენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. აია, შორეულმა ნათესავმა, რომელიც იმ მომენტში მაშველებთან ერთად იმყოფებოდა, ქალაქ აფრინში, კლინიკაში მიიყვანა.
აიას შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. კლინიკის მენეჯერი ხალიდ ატია ამბობს, რომ ამ თხოვნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველდღიურად უამრავი ზარი შედის. ატია, რომელიც თავად არის 4 თვის ბავშვის მამა, აიას გაშვილებაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს :
"არავის მივცემ ჯერ მისი შვილად აყვანის ნებას. ვიდრე მას ახლობლები მოაკითხავენ, საკუთარი შვილივით მოვუვლი" - თქვა მან, მანამდე კი გოგონას, საკუთარ ბიოლოგიურ შვილთან ერთად, ატიას ცოლი კვებავს.
აიას მშობლიურ ქალაქში, ჯინდარისში კვლავ ეძებენ ადამიანებს. "ბიბისის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ის ვარაუდობს, რომ ქალაქის 90 პროცენი დანგრეულია.
0
0