
“პაციენტის მდგომარეობა დამაიმედებელია”, ამის შესახებ მედიკოსები აცხადებენ:
"პაციენტი შემოიყვანეს გუშინ ნაშუადღევს, ცეცხლსასროლი დაზიანებით თეძოს მიდამოში. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, დაზიანებული იყო წვრილი ნაწლავი. ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა სტაბილურია, გადაყვანილია ქირურგიულ დეპარტამენტში. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაიმედებელია, პროგნოზი დადებითი," - აცხადებს კლინიკური მენეჯერი გუგა შალამბერიძე.
გუშინ ვაკეში მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. ცნობილია მისი ვინაობაც და თავდასხმის სავარაუდო მიზეზიც:
სროლის შედეგად ფეხში დაჭრილია სამშენებლო კომპანია "ტა გი გრუპის" ერთ-ერთი მეწილე, ტატო გურგენიძე.
დაკავებული დავით გაბისკირიაა.
არსებული ინფორმაციით, გაბისკირია თბილისში გარკვეული მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც ბიზნესმენებს - დაჭრილ ტატო გურგენიძეს და მის ბიზნეს პარტნიორს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყება სურდათ. სწორედ აღნიშნული შეთანხმების დეტალებზე სასაუბროდ იმყოფებოდნენ მხარეები ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე მდებარე იურიდიულ კომპანია "ჯი ემ ჯი ჯგუფში", რა დროსაც მხარეებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ცნობილია, რომ დავით გაბისკირიამ რამდენიმე გასროლა განახორციელა ბიზნესმენ ტატო გურგენიძის მიმართულებით.
ის მალევე კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელი ამბობს, დაშავებული ბიზნესმენის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
0
0