
ასტროლოგი, რამაზ გიგაური 2023 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორი იქნება მსოფლიოსთვის 2023, რამაზ გიგაური წერს:
"2023 წელი ცალსახად არ არის იმავე მასშტაბით კრიზისული და სახიფათო წელი, როგორიც 2022 წელი იყო.
უფრო მეტიც, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც შესაძლებელი გახდება არსებული საერთო სიტუაციის მეტ-ნაკლებად გამოსწორება და არ არის გამორიცხული განვითარების დაწყებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ ციკლების მიხედვით კრიზისული პერიოდის აღმოფხვრა მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება, მიმდინარე წლიდან მაინც შესაძლებელი იქნება გარკვეული გარდატეხის შეტანა.
ამ ციკლების მიხედვით 2019-23 წლები გასული ოცდაათწლიანი პერიოდის ქვედა ზღვარის რიგით მესამე მინიმალური წერტილია (პირველი 1990-98 წლებში, მეორე კი 2008-10 წლებში იყო). 2023 წელი უფრო მეტად 2024 წლის გავლენას „ებმის“, ვიდრე 2020-22 წლებს. აქედან გამომდინარე, სწორედ 2023 წლიდან უნდა დაიწყოს იმ საერთო მდგომარეობის დასტაბილურება, რომელიც 2020-22 წლებში შეიქმნა.
2023 წელი გამორჩეული იქნება ორი ასტროლოგიური მოვლენით (ინგრესიით) - ეს არის პლუტონისა და სატურნის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა. ამიტომ 2023 წელი მიუხედავად იმისა, რომ გააჩენს რთული სიტუაციების დაბალანსების და დასტაბილურების შესაძლებლობას, ახალ რეალობის ფორმირება სამწუხაროდ, არ დასრულდება 2023 წელს (ის მინიმუმ, 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება).
ბუნებრივია, აქ ჩვენი და საერთოდ, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია რუსეთ-უკრაინის ომისკენ, რადგან მსოფლიოს საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ ან ირიბად, სწორედ ამ ომთან არის მიბმული.
ამ კუთხით, 2023 წლის პირველი კვარტალი გადამწყვეტი იქნება. იანვრის ბოლოდან (უფრო 25-26 რიცხვებიდან) დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი და მარტის ბოლომდე გაგრძელდება (მაქსიმუმ, აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით). ამ ციკლის პიკი იქნება: თებერვალი. ეს ციკლი გადამწყვეტი იქნება ამ ომისთვის. ამ პერიოდში შეიძლება დასრულდეს ერთი ციკლი. უფრო სწორად კი ამ პერიოდს თამამად შეიძლება დავარქვათ დასასრულის დასაწყისი. სწორედ იანვრის ბოლოდან მაქსიმუმ აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით (პიკი: თებერვალი) რუსეთ-უკრაინის ომში დასასრულის პირველი ნიშნები გაჩნდება და მოსალოდნელია დასრულდეს კიდეც.
ბუნებრივია, სიტყვა „დასრულება“ ბევრნაირად შეიძლება გავშიფროთ და წარმოვიდგინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმება იმ პროცესების შეცვლა და სხვა სიხშირეზე გადასვლა, რაც 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. აქ რამდენიმე სცენარი შეიძლება მოგვეხაზა, თუმცა ყველა სცენარი გულისხმობს, რუსეთის, როგორც იმპერიული იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოს ფორმა-ცვლილებას.
ბუნებრივია, ადამიანებს გააჩნიათ იმის განცდა, რომ არსებობს ბირთვული საფრთხის და მესამე ომის საშიშროების ალბათობა. ბუნებრივია, ამ ვერსიას ყოველგვარი ასტროლოგიური პროგნოზირების გარეშეც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ასტროლოგიურად ამას შეიძლება დავარქვათ „კარის გაჯახუნება“, რაც გამოიხატება ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების დაკარგვის კოდის ჩართვაში და ამის ნიადაგზე რაღაც რთული პროცესების პროვოცირებაში.
ამ ყველაფრის რეალიზაციის ალბათობა 90 % 2023 წლის პირველი ნახევარშივე იქნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტარული ციკლები ერთდღიანი ან თუნდაც ერთთვიანი არ არის, მათ განგრძობითი ფორმა ექნებათ.
2023 წელი ცალსახად მსოფლიოს ეკონომიკურ ცხოვრებაში შედარებით დასტაბილურების პერიოდი იქნება. ის რყევები, რომლებიც 2022 წელს ახლდა, 2023 წელს უკვე განვითარების ახალ ვექტორებს მოძებნის და დაიწყებს განვითარებას. საერთო ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის უფრო დადებითი იქნება (რასაც ბუნებრივია, ვერ ვიტყვით რუსეთზე).
ყველა ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც 2020-21 წლებში დაიშალა და 2022 წელს ახალი ფორმა მიიღო, 2023 წლიდან განვითარებას დაიწყებს. იგივე ტენდენცია იქნება პოლიტიკაში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ ახალი რეალობის გაცნობიერება და გარკვეული გადატვირთვა.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელი ერთი შეხედვით „მშვიდობიანი“ წელია, ის არის გარკვეული „საზღვარი“ 2022 („ნგრევა“) და 2024 („აღდგენა“) წლებს შორის. აქედან გამომდინარე, 2023 წელი უფრო შუალედურ წერტილად უნდა მივიჩნიოთ, სადაც ქვეყანამ, კომპანიამ თუ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, საით მიდის მისი განვითარების (ცხოვრების) გზა. 2023 წელი - ეს არის გზაგასაყარი, გზაჯვარედინი. ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთების წელია.
ასტრონუმეროლოგიური თვალსაზრისით 2023 წელი დაკავშირებულია ციფრებთან 2 და 3. ეს არის ემოციური და წარსულთან დაკავშირებული რყევების იმ ზომამდე მიყვანა, სადაც ხდება დაშლა და განვითარების გზის დაწყება. 2022 წლის ასტრონუმეროლოგიური ჯამი გვაძლევს 7-ს, რაც ერთი მხრივ ეს არის ძველი იდეოლოგიების გადალაგება-გადაფასება. ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ იდეოლოგიას, არამედ გარკვეულწილად რელიგიურ ასპექტსაც. მთელ რიგ ქვეყნებში შეიძლება ეს იყოს გარკვეული ილუზიური იდეოლოგიებისგან გამორკვევა, მათი გავლენისგან გათავისუფლებისა და თავის დაღწევის მცდელობა. ამით 2023 წელი გარკვეულწილად გააგრძელებს 2022 წლის გავლენას, როდესაც ამ იდეოლოგიების მტკივნეული ჩამოშლა დაიწყო" წერს რამაზ გიგაური.
0
0