12/06/2023
10:52
პოლიტიკა
„ალბათ, ერთ თვეში გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ ჩვენი საქმე, როცა ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი, რომელიც პირველივე დღეებიდან მოინათლა, როგორც - ანტიდასავლური. გვიწოდეს რუსეთის წარმომადგენლები, თქვეს, რომ პირდაპირ ვუტევთ სტრატეგიულ პარტნიორებს და ა.შ. ეს ყველაფერი ისტორიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამოიღოს ის ფაქტები, თუ რაზე და რატომ ვსაუბრობდით, რა გვქონდა მხედველობაში“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, დღეს საქართველო წარმატებული ქვეყანაა.
„რასაც ვამბობდით (და ვამბობთ), გადამოწმებულ ფაქტებს მოიცავს. ვსაუბრობდით იმ სიმართლეზე, რომელზეც ცოტა ხანში სხვადასხვა ქვეყნის პირველმა პირებმა დაიწყეს ლაპარაკი. აბა, გაიხსენეთ, მაგალითად, გურამ მაჭარაშვილი, რომელიც თავის გამოსვლებში ხშირად უსვამდა ხაზს ვასალურ დამოკიდებულებას, ცოტა ხანში კი ჩინეთიდან დაბრუნებულმა მაკრონმა ანალოგიური ტექსტი გამოიყენა (თითქოს გურამ მაჭარაშვილი საუბრობდა) - ჩვენ ვერ შევეგუებით ასეთ დამოკიდებულებას პარტნიორისგან, ეს ვასალური დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს თანასწორ პარტნიორებს შორისო.
ზუსტად ამას ვუსვამდით ხაზს, რომ ჩვენ მტრები კი არ ვართ, პირიქით - როცა პარტნიორი ხარ, არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი გქონდეს და ამას ვამხელდით. მაგალითად, არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც ყველაზე დიდი ამბავი ატყდა - დღეს აქეთ ითხოვენ მსგავს კანონს. ახლა ვამბობ, რომ კულუარული ინფორმაცია გვქონდა - როგორც კი გაიგეს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე რომ ვმუშაობდით, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა - ჩვენ ამ კანონს დავარქმევთ რუსულს, ასე მოვნათლავთ და ასე იქნება საზოგადოებაში მიწოდებულიო.
დღეს საქართველო ამ გლობალური გამოწვევების ფონზე წარმატებული ქვეყანაა, თუ დააკვირდებით პარამეტრებს - ეკონომიკის, სპორტის თუ სხვა მიმართულებით. ამ ყველაფერში სახელმწიფო პირდაპირ კავშირშია. თითქმის 100%-ით სუბსიდირებულია ყველა სპორტული ფედერაცია.
მე მახსოვს ის ადამიანები, ახლა რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქებენ, პარლამენტში როგორ აპროტესტებდნენ, რატომ აფინანსებთ იმ სპორტს, რატომ აფინანსებთ ამ სპორტსო. ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია, უფრო მეტი წარმატება იქნება. ამ ფონზე, იმდენად მძაფრი იყო შემოტევა და მოწოდებები ჩვენი ომში ჩასართავად, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა სწორედ იმიტომ განაცხადა პირველივე დღეს, რომ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს დაიცავდა. ის პროცესი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს, საქართველოშიც უნდა ყოფილიყო - გადარჩენილები ვართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0