05/11/2024
19:43
მსოფლიო
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურებას საარჩევნო კოლეგიის ინსტიტუტი განსაზღვრავს, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი ხალხი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგიის წევრებს ირჩევენ, რომლებსაც არჩევნებში თავიანთი შტატის წარმომადგენლობა ევალებათ. 50 შტატს ჯამში კოლეგიის 538 წარმომადგენელი, ე.ი. 538 ელექტორალური ხმა, ჰყავს, რომელთაგანაც 270-ის (ანუ ნახევარზე ერთით მეტის) ხმის მოპოვების შემთხვევაში კანდიდატი აშშ-ს პრეზიდენტი ხდება.
აშშ-ს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნები ინდივიდუალურ ხმათა უბრალო უმრავლესობის გარეშე მხოლოდ 5 პრეზიდენტს მოუგია, მათ შორის, დონალდ ტრამპს 2016 წელს. მისმა ოპონენტმა, ჰილარი კლინტონმა, ქვეყნის მასშტაბით 2.8 მილიონი ხმით მეტი მოაგროვა, თუმცა მან საკვანძო შტატებში და, შესაბამისად, საარჩევნო კოლეგიის სისტემით - 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ - წააგო.
2020 წელს ტრამპმა ჯო ბაიდენთან როგორც ინდივიდუალურ ხმათა უმრავლესობით, ისე საარჩევნო კოლეგიითაც წააგო. აქაც, საარჩევნო კოლეგიის ხმები 306 ხმა 232-ის წინააღმდეგ გადანაწილდა, თუმცა დემოკრატების სასარგებლოდ.
5 ნოემბერს აშშ-ს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელები 47-ე პრეზიდენტს აირჩევენ. წინასწარი გამოკითხვებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპისა და დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისის მიმართ აშშ-ს ამომრჩეველში თითქმის თანაბარი მხარდაჭერაა. კანდიდატის გამარჯვებას ტრადიციულად საარჩევნო კოლეგიის სისტემა განსაზღვრავს.
როგორ მუშაობს საარჩევნო კოლეგიის სისტემა?
განსხვავებით პირდაპირი სახალხო კენჭისყრისა, რომლის დროსაც ყოველი მოქალაქის ხმა თანაბრად ითვლება და კანდიდატიც ინდივიდუალურ ხმათა უმრავლესობით იმარჯვებს, საარჩევნო კოლეგია განსხვავებული პროცესით წარიმართება: ის სახალხო კენჭისყრასა და აშშ-ს კონსტიტუციურ სტრუქტურას აერთიანებს იმ მიზნით, რომ დაბალანსდეს როგორც ფედერალური, ისე შტატების ინტერესები.
საყოველთაო არჩევნებამდე, შტატები სწორედ საარჩევნო კოლეგიაში საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევენ. ახლა, 5 ნოემბერს, როდესაც ამერიკელები საარჩევნო უბნებზე მიდიან და ხმას სასურველ კანდიდატს აძლევენ, ისინი პარალელურად ირჩევენ იმ პარტიას, ეს იქნება რესპუბლიკური, დემოკრატიული თუ სხვა პარტია, რომელიც ხმათა უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, შტატის საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენლად დაინიშნება და პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატს მისცემს კუთვნილ ელექტორალურ ხმას.
შტატების უმეტესობაში, ის კანდიდატები მოიგებენ ელექტორალურ ხმებს, რომლებიც ინდივიდუალურ ხმათა უმრავლესობას დააგროვებენ. გამონაკლისია მეინი და ნებრასკა, სადაც წესები მცირედით განსხვავდება.
საარჩევნო კოლეგიის წევრები თავიანთი შტატების სახელით სასურველ კანდიდატს დეკემბრის შუა რიცხვებში, წელს 17 დეკემბერს, მისცემენ ხმას.
არ არსებობს კონსტიტუციური დებულება ან ფედერალური კანონი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის წევრს ავალდებულებს, ხმა მისცენ იმ კანდიდატს, რომელზეც მათ "პირობა" დადეს, თუმცა ამას ისინი თითქმის ყოველთვის აკეთებენ. იშვიათია განმეორდეს ე.წ. "მოღალატე წევრის" (Faithless Elector) ფენომენი, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს, როგორც ზემოთაა აღნიშნული, სწორედ პარტიები ირჩევენ, მათ შორის, პარტიისადმი ერთგულების ნიშნითაც.
რა განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობას?
საარჩევნო კომისიაში წევრები ყოველ შტატს კონგრესის მათი წარმომადგენლობის მასშტაბით ენიშნება. კონგრესში შტატის წარმომადგენლობა, თავის მხრივ, მოსახლეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, კალიფორნია აშშ-ს ყველაზე დასახლებული შტატია, რის გამოც მას კონგრესში 52 წარმომადგენელი და 2 სენატორი ჰყავს. ყოველ შტატს, განურჩევლად მათი სიდიდისა, 2 სენატორი ჰყავს. ისეთ შტატებს, რომლებსაც მეტად მცირერიცხოვანი მოსახლეობა ჰყავთ, მაგალითად, ალასკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას, ვერმონტს, ვაიომინგსა და დელავერს - წარმომადგენელთა პალატაში მხოლოდ 1 წარმომადგენელი ჰყავთ. ჯამში კონგრესი 535 წევრისგან კომპლექტდება, რომლისგანაც 435 შტატების წარმომადგენელი, ხოლო 100 სენატორია (ყოველ შტატს 2 სენატორი ჰყავს). თითოეული შტატისთვის საარჩევნო კოლეგიის წევრების რაოდენობა კონგრესში შტატის წარმომადგენელთა და სენატორთა რიცხვის შესაბამისად განისაზღვრება. მაგალითად, პენსილვანიას კონგრესში 17 წარმომადგენელი და 2 სენატორი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შტატს საარჩევნო კოლეგიაში 19 წევრი ეყოლება. ჯამში, საარჩევნო კოლეგიაში 535+3 (538) წევრია, საიდანაც დამატებით 3 წევრი აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონს ცალკე ენიშნება.
რატომ საარჩევნო კოლეგიის ინსტიტუტი?
საარჩევნო კოლეგიის სისტემა აშშ-ში 1787 წელს შემოიღეს. დამფუძნებელმა მამებმა სისტემა დიდი და პატარა შტატების ინტერესების ბალანსისა და ფედერალურ და სახელმწიფო ძალაუფლებებს შორის ურთიერთობების მართვის მიზნით ჩამოაყალიბეს.
პირველ რიგში, სისტემა შეიქმნა, რათა უზრუნველყოფილიყო შტატთა სუვერენობა. საარჩევნო კოლეგიის გზით, ყოველი შტატი პირდაპირ როლს თამაშობს აშშ-ს პრეზიდენტის არჩევაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პატარა შტატების როლს უფრო დიდი და მეტად დასახლებული შტატების გავლენა ვერ გადაწონის.
ამასთან, დამფუძნებელი მამები აანალიზებდნენ რისკს, რომელიც პირდაპირ დემოკრატიას უკავშირდებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ პირდაპირ არჩევნებს შესაძლოა, ქვეყანა ე.წ. ბრბოს მმართველობამდე მიეყვანა. ამომრჩეველთა შუამავალი ორგანოს შემოღებით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ შექმნიდნენ ისეთ დამბალანსებელ ძალას, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ამომრჩევლის მიერ გაკეთებული პოტენციურად არაგონივრული არჩევანისგან დაიცავდა.
ამას გარდა, საარჩევნო კოლეგია, მე-18 საუკუნის აშშ-ში პირდაპირი სახალხო კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებული გამოწვევების თავიდან არიდების საშუალებას იძლეოდა.
0
0