
ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს, როდესაც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მეორე ქვეყანაში ჩადის და ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობს. იქ უკვე არც კითხულობს, რა არის ამ აქციის მოთხოვნა, ან რაზეა საუბარი და მიზანმიმართულად ავრცელებს სრულიად მცდარ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქცევა მისთვის გასაკვირი არ იყო.
„ჩემთან შეხვედრის შემდეგ, მისი ეს ნაბიჯი არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო პროგრამის ნაწილი, ეს არ იყო შეთანხმებული და ეს არ იყო წინასწარ გაწერილი, როგორც ეს ხდება ხოლმე ასეთი ვიზიტების დროს. კრიტიკას აქ არავინ გაურბის. ჩვენ შეიძლება, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ არსებობს რაღაც დადგენილი წესები, რომლის ჩარჩოებშიც ვმოქმედებთ. როდესაც ამ წესებიდან სრულიად უხეშად ხდება გასვლა, შენც რეაგირებ შემდგომ ამ ყველაფერზე. მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ამის გამართლება ნამდვილად ვერ მოხდება და ვერაფრით გავამართლებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმების საკითხზე დასმულ კითხვაზე, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ სრული უფლება, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოუწერონ ჯარიმა, თუ ის არღვევს კანონს.
„ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე სამართლის უზენაესობისკენ, რომ ყველა თანასწორია და თანაბრები ვართ კანონის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს კანონის. ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ სრული უფლება, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოუწერონ ჯარიმა, თუ ის არღვევს კანონს, ის გადაიხდის, თუ არ გადაიხდის, დიპლომატიურ იმუნიტეტს გამოიყენებს თუ არა, ეს სხვა საკითხია. მე თუკი კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამოვდივარ, არავინ არ მიკრძალავს, არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ უკრძალავს სახელმწიფოს კანონების დაცვას. სრულიად სამართლიანი იყო ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, როდესაც კანონის კონკრეტული მოთხოვნის დარღვევისთვის მას გამოეწერა ჯარიმა. რამდენად მოხდება ამ ჯარიმის გადახდა, არ ვიცი. ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, რომ ჯერ უამრავი ხალხი იკრიბება და მეორე, რომ ამ ხალხს ვინმე ერჩის. სრულიად თავისუფლად შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი ჩანს კიდეც კადრებში და ამაზე თქვა, რომ უამრავი ადამიანი დგას და თან მათ ვინმე უშლის შეკრებას, ასეთი ცხადი სიცრუე ძალიან რთულია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება თავად ხედავს ამ ყველაფერს და აქვს შესაძლებლობა, განსაჯოს.
„მე ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სწორი აღქმა ჰქონდა ამ ყველაფრის. სამწუხაროა, რომ ასეთი ქმედებები აზიანებს ერთადერთ რამეს – ევროპის, ევროკავშირის, საკუთარი ქვეყნების რეპუტაციას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებით არც საქართველოს ხელისუფლებას დაჰკლებია რამე, არც „ქართულ ოცნებას“ დაჰკლებია რამე. დააკლდა ერთადერთ რამეს, ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის სახეს, რეპუტაციას, ეს არის ძალიან ცუდი და სამწუხარო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0