,,ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თითქმის შეუძლებელი იყო რუსეთის მორიგი თავდასხმებისგან თავის დაღწევა - უკრაინის რამდენიმე ქალაქს, მათ შორის ოდესას, რაკეტები და დრონები ,,აწვიმდა“. 2023 წლის დასასრულს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც ახლახან კიდევ ერთი შეტევა მოჰყვა თითქმის თანაბარი მასშტაბით. თავდასხმების ინტენსივობისა და სიხშირის ფონზე, უკრაინის კონტრშეტევა ჩერდება და ქვეყნის დასავლელი მხარდამჭერებიც წყვეტენ მილიარდობით დაფინანსებას, რაც ომში შექმნილ კრიზისულ მომენტზე მოიუთითებს. ისრაელ-,,ჰამასის“ ომის მიმართ გლობალური ყურადღების მასიურ გადატანასთან ერთად, ეს პრობლემა უკრაინელებს სამართლიანად აწუხებთ,“ - განუცხადა CNN-ს ეუთოს მისიის პრესსპიკერმა, მაიკლ ბოციურკივმა.
„საშინელი დილა იყო. დრონები და რაკეტები ერთდროულად დაგვესხა თავს. ჩვენ არ ვიცოდით "პატრიოტის" სისტემის რამდენი რაკეტა დაგვრჩა, რომლებიც რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად გვჭირდება. აქ საუბარია ადამიანთა სიცოცხლეზე და ყველა აცნობიერებს, რომ თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ჩვენს მხარდაჭერას, ეს თავდასხმები გახშირდება და უფრო სასტიკი გახდება. აშკარაა, რომ ადამიანები ძალიან დაიღალნენ. და კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ადამიანი ასეთ გარემოში ცხოვრებას?“, - თქვა ოდესაში ეუთოს ყოფილმა წარმომადგენელმა ოლგა რადკევიჩმა.
უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის იარაღის მარაგი იწურებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, კრემლმა მოახერხა მისი ხელახლა შევსება და, გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინაში იყენებს მისი მოკავშირის, ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებულ მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს. იმავდროულად, ირანიდან დრონების მიწოდება თითქმის შეუზღუდავია. შემაშფოთებელი ფაქტია, რომ ირანმა რუსეთს უფრო მეტი დრონების წარმოებისთვის ტექნოლოგია გადასცა.
,,როგორც ჩანს, რუსული აგრესია უახლოეს მომავალში არ დასრულდება, ამიტომ უკრაინის ლიდერებს მეტი თხოვნა ექნებათ თავიანთი მოქალაქეების მიმართ. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი ახალ სამობილიზაციო კანონს მიიღებს, რომელიც ომში 500 000-ზე მეტი ჯარისკაცის ჩართვას ითვალისწინებს. მობილიზაცია ერთგვარი პოლიტიკური ,,ცხელი კარტოფილია“, რომელზე შეხებასაც მხოლოდ რამდენიმე ლიდერი თუ გაბედავს. შეუძლებელია უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალის ზუსტი რიცხვის დადგენა, თუმცა აშკარაა, რომ ლვოვში არსებული ლიჩაკოვის სასაფლაოს ტერიტორია თითქმის მაქსიმუმამდე გაფართოვდა.
ეს არის ომი, რომელიც მრავალ ფრონტზე მიმდინარეობს. კიევში შეიმჩნევა ეკონომიკური აქტივობის შენელება და ომის შედეგად დატოვებული ,,იარების’’ იგნორირება ახლა თითქმის შეუძლებელია. ხალხი ღარიბდება და ეს მდგომარეობა ყოველთვიურად უარესდება. აშშ-დან და ევროკავშირიდან დახმარების ორი პაკეტი [$61 მილიარდი, $52 მილიარდი] პოლიტიკური დაპირისპირების გამო შეჩერებულია, უკრაინაში შექმნილი შიშნარევი განწყობა გასაგები გახდა. უკრაინას ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი აქვს და თებერვალში ის ვერ შეძლებს სახელმწიფო სექტორისთვის ხელფასების გადახდას. თუმცა დარჩა, მინიმუმ, ერთი სფერო, სადაც ქვეყანას შეუძლია იმედიანად იყოს: რუსული აქტივები. უკრაინამ დიდი გამარჯვება მოიპოვა გასულ კვირას, როდესაც ევროკავშირმა ალმასის მომპოვებელი უმსხვილესი რუსული კომპანიის, ,,ალროსას“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. უკრაინა მალე ისარგებლებს საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივებით, მათ შორის, ბელგიის მიერ შეგროვებული საგადასახადო შემოსავლებით, სადაც რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების დიდი ნაწილი ინახება. სავარაუდო 2,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გადასახადების მობილიზაცია მნიშვნელოვანი დახმარება იქნება უკრაინის რეკონსტრუქციისა და კიევის ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად.
თუმცა, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, თავად უკრაინელ ხალხს დაეკისროს, რომ პუტინს ხელი შეუშალოს მიზნის მიღწევაში, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობის სრულად განადგურებას ითვალისწინებს,“ - აღნიშნა მაიკლ ბოციურკივმა CNN-სთან საუბარში.
0
0