23/03/2023
12:47
პოლიტიკა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები მიმოიხილა. სენატში საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც. ამ საკითხზე სენატორმა ჯინ შაჰინმა ისაუბრა.
შაჰინის განცხადებით, როდესაც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ეხება საქმე, ის იმედგაცრუებას ვერ მალავს მთავრობის გარკვეული უკუსვლით, თუმცა აღნიშნავს, რომ ხალხი ერთგულია ევროატლანტიკური ღირებულებების, რის გამოც ამერიკამ დახმარება უნდა გაუწიოს მათ.
"თებერვლის ბოლოს ვიმყოფებოდი რეგიონში, რუმინეთსა და საქართველოში და დიდი ინტერესი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვიწყებდით ამ რეგიონზე უფრო ყოვლისმომცველ ფიქრს და რეალურად ვუყურებდით იქ არსებულ ეკონომიკურ პოტენციალს. ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მე იმედგაცრუებული ვარ მთავრობის გარკვეული უკუსვლით, მაგრამ ხალხი აშკარად ერთგულია ევროპისკენ, ნატოსკენ სვლის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ მათ. შეერთებული შტატების ელჩმა დეგნანმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა," - აცხადებს სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე ჯინ შაჰინი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი აცხადებს, რომ ქვეყანა ორიენტირებულია უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ.
"ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, მის სანაპიროზე ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი ჩვენი NATO-ს მოკავშირეა. სხვები, ისეთი როგორიც უკრაინაა, აშკარად შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მეგობრები არიან.
სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც გადამწყვეტია ყველა ამ ქვეყნისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის აშენება, რადგან ისინი გამოწვევებით სავსე სამეზობლოში არიან," აცხადებს ენტონი ბლინკენი.
0
0