
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე თბილისთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
„ეს ხიდაშელი არასდროს მინახავს და ვოლსკის მხოლოდ მედიის ინფორმაციით ვიცნობ“, - თქვა კიუტმა „ნუჟნაია გაზეტასთან“ კომენტარში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია აბსურდულია იმითაც, რომ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის.
”მე არ მქონია მოლაპარაკებები, განსაკუთრებით მათთან”, - თქვა კიუტმა.
მანამდე ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ „დროამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან განიხილა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და ოკუპირებულ აფხაზეთთან თბილისის ურთიერთობის თემა.
„რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ესაუბრება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციას აცნობებს საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის შინაგან საქმეთა მინისტრს, უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს“, - აცხადებენ „დროაში“.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ხელმძღვანელი რობერტ კიუტი ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსია.
0
0