
ვწუხვარ და არ მესმის, ევროკავშირის ქვეყნებს შორის რატომ იქნება წარმოდგენილი პეკინში მხოლოდ სლოვაკეთი, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„პირადად მე ვწუხვარ და ვაღიარებ, რომ არ მესმის, ევროკავშირის ქვეყნებს შორის რატომ იქნება წარმოდგენილი პეკინში მხოლოდ სლოვაკეთი. ყალიბდება მსოფლიოს ახალი წესრიგი, მრავალპოლარული მსოფლიოს ახალი წესები, ძალთა ახალი ბალანსი, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გლობალური სტაბილურობისთვის. ამგვარ დისკუსიაში მონაწილეობა ნიშნავს დიალოგის მხარდაჭერას და არა გაბუტული ბავშვის როლში ყოფნას, როგორც ახლა ევროკავშირი და მისი წარმომადგენლები იქცევიან“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
როგორც რობერტ ფიცომ განაცხადა, პეკინში ის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან. ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ კი, პარასკევს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ სლოვაკეთში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გეგმავს მოლაპარაკებებს.
„მინდა, დავადასტურო, რომ პეკინში ვიზიტის დროს მე ორმხრივ შეხვედრებს გავმართავ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და სხვა სახელმწიფო მოხელეებთან. პეკინიდან დაბრუნების შემდეგ, ხუთშაბათს საღამოს მე გავემგზავრები აღმოსავლეთ სლოვაკეთში, სადაც პარასკევს უკრაინის პრეზიდენტს შევხვდები“, – განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ჩინეთში დღეს ჩავიდა.
0
0