
„ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, პოლონელ ექიმს კლინიკიდან მალულად გაჰქონდა მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუში.
„ახლა გვეღიმება, მაგრამ დავუშვათ, სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო. ეს ადამიანი ითხოვდა, რომ კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობდა.
მანამდე არანაირი ხელისშეშლა არ ყოფილა, ოფიციალური მოწმეების თანდასწრებით ნიმუშების აღება: თმის, ფრჩხილის, წარბის, ყველაფრის, ეს მათ უკვე ჰქონდათ გაკეთებული“, - განაცხადა ნადირაძემ.
მან დეტალურად გაიხსენა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევები და ისაუბრა, თუ როგორ მოხდა პოლონელი ექიმების სააკაშვილთან დაშვება და საკვლევად ნიმუშების აღება.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ნეიროქირურგმა, არტურ ზააჩინსკიმ პალატიდან რაღაც გამოიტანა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მას ქაღალდში გახვეული თმა და ფრჩხილის ნიმუშები, საბოლოოდ მალულად ფეხსაცმლის მეშვეობით გაჰქონდა.
ნადირაძე ამბობს, რომ რთულია იმის თქმა, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ფაქტი.
„ფიქრიც კი მზარავს, რომ ასე ადამიანების გაწირვა და გამეტება შეუძლიათ, რათა თავისი მიზნებისკენ გზა გაიკვალონ“ - დასძინა ნადირაძემ.
როგორც ცნობილია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება 14 ივლისს გაავრცელა: „ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“, აღნიშნულია პენიტენციურის განცხადებაში.
0
0