
რიკოთის უღელტეხილზე უბისის მონაკვეთზე მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც “სფეისნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ, მისი ცხედარი მაშველებმა მდინარეში ნახეს.
გარდაცვლილი 52 წლის რამაზ ბარბაქაძეა, რომელიც ავტობანის უბისას მონაკვეთზე, მშენებარე ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების ცნობით, კაცი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოების შედეგად ის ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული.
0
0