
როგორ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, რისი მიღწევა გინდათ? - ქალბატონო ანა, მე არაფერს არ გიზღუდავთ, მაგრამ თუ თქვენ თქვენ საპროცესო უფლებას ბოროტად გამოიყენებთ სასამართლოს თქვენს ჰაერიდან მოტანილ შეფასებებზე ვერ იქნება დამოკიდებული - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ანა წითლიძის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით სერგო თეთრაძის საქმის შესახებ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
“კითხვა ეხება თეთრაძის საქმეს სადაც წერია “ორგანიზება გაუკეთეს წამებასა და სექსუალურ ძალადობას”. კითხვა არის შემდეგი - თქვენ იცნობთ თუ არა 2013 წელს თეთრაძის გვამის ექსჰუმაციის შედეგებს?”- იკითხა ანა წითლიძემ.
მოპასუხე მხარის ამ შეკითხვას მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისგან უკმაყოფილება მოჰყვა.
როგორც მათ აღნიშნეს, „ალბათ, ყველაფერს საზღვარი აქვს, გარდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების კითხვებს და კითხვის შინაარსებს”.
ამის შემდეგ კი მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს გარდაცვლილი სერგო თეთრაძის გვამის ფოტოები სასამართლო დარბაზში აჩვენა და ჰკითხა იყო თუ არა იგი ნაწამები.
„ალბათ, ყველაფერს საზღვარი აქვს, გარდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების კითხვებს და კითხვის შინაარსებს. ქალბატონი ანა ამ კითხვას რატომაც სვამს გასაგებია. ქალბატონო ანა თქვენ ხომ თეთრაძეზე მესაუბრებით, თქვენ მეუბნებით, რომ ეს ადამიანი ნაწამები არ არის? ეს ადამიანი თუ ნაწამები არ არის მაშინ უბრალოდ რამდენად ღირს თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ამაზე დიდი კითხვის ნიშანი არსებობს. თქვენი აზრით, ეს ადამიანი ნაწამები არ არის?” - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის ამ განცხადების საპასუხოდ ანა წითლიძემ 2013 წლის ექსპერტიზიდან ამონარიდი წაიკითხა.
„სასამართლოს მინდა მტკიცებულება წარვუდგინო და წავუკითხო ფრაზა 2013 წელს, “ქართული ოცნების” პირობებში გაკეთებული ექსპერტიზის დასკვნიდან: „სერგო თეთრაძის ექსჰუმირებულ გვამზე უკანა ტანის და სწორი ნაწლავის ანალური მთლიანობა დარღვეული არ არის” წარმოგიდგენთ მტკიცებულებად ამ ექსპერტიზის დასკვნას”, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძის მიერ გაჟღერებულმა ზემოთ აღნიშნულმა ფრაზამ სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას მხრიდან გამოხმაურება გამოიწვია.
“ქალბატონო ანა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი თეთრაძის საქმეში ხომ არის, ახლა თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ განაჩენს და კონკრეტულ მტკიცებულებებს იხილავთ, რაც იმ სისხლის სამართლის საქმეში იყო. თქვენ როგორ გგონიათ, ამ სარჩელში რა სისხლის სამართლის საქმეებიც არის მითითებული, მათი მტკიცებულებების განხილვის მანდატი, უფლებამოსილება ამ სარჩელთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია? მითუმეტეს თუ არ გააჩნია, კონკრეტული პირების მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, თქვენ ახლა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში შედიხართ.
წინა სხდომაზე ბატონმა ლევანმა ბრძანა, რომ სამი საათი მაქსიმუმ გვეყოფა, ამ სამ საათს სასამართლო არ გადავა და რაციონალურად გამოიყენეთ. შეკითხვა შეკითხვისთვის ნუ იქნება დასმული, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმის განხილვა აქ არ ხდება. როგორ შეიძლება სისხლის საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებები საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს, რისი მიღწევა გინდათ? კონკრეტულად განაჩენს არ ენდობით, თქვენ ახლა სასამართლოს სისხლის სასამართლოს საქმეების განხილვაში ვერ შეიყვანთ.
ვერ ვიტყვი იმას, რომ აღსაშფოთებელი არ არის ის, რასაც ქალბატონი ანა აკეთებს. ქალბატონო ანა, მე არაფერს არ გიზღუდავთ, მაგრამ თუ თქვენ თქვენ საპროცესო უფლებას ბოროტად გამოიყენებთ სასამართლოს თქვენს ჰაერიდან მოტანილ შეფასებებზე ვერ იქნება დამოკიდებული. სასამართლო იმოქმედებს პროცესუალურად, რაც არის რეგლამენტი გაწერილი იმით, რაც არ უნდა იძახოთ სტაბილურად, რომ სასამართლო გზღუდავს. მერამდენე სხდომაა, სათვალავიც ამერია უკვე და როგორ შეიძლება სასამართლოს ვინმემ უთხრას, რომ საპროცესო უფლებაში გზღუდავს, დაუსვით საგნობრივი შეკითხვები, შედიხართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვებში, რომლის კომპეტენციაც არ გვაქვს, თან კანონიერ ძალაში შესული საქმის განხილვის უფლება უკვე არავის არ აქვს. აბსურდში ნუ გადახვალთ, თორემ რაც არ უნდა იძახოთ, რომ სასამართლო გზღუდავთ - სასამართლო არ გზღუდავთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგიწევთ თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წასვლა და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო ასამართლო არავინ იცის, თუ მოგიწიათ, იცოდეთ, რომ იქაც პროფესიონალი მოსამართლეები დაგხვდებიან და ამ ყველაფერს შეაფასებენ. ორი საათი გაქვთ დარჩენილი და ამ ორს საათს გაუფრთხილდით, მაქსიმალურად გამოიყენეთ”, - განაცხადა ნადარაიამ.
0
0