
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იმ ფრენების ჩანაწერებს ამოწმებს, რომლებიც, შესაძლოა, შეიცავდნენ ინფორმაციას სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასაჯაროვდა ფაილები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ეპშტეინი, შესაძლოა, თავისი კერძო თვითმფრინავით რამდენჯერმე დაეშვა ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე.
ბრიტანეთის პოლიცია აგრეთვე ამოწმებს ინფორმაციას, დაკავებული იყო, თუ არა ეპშტეინი ქალებით ვაჭრობით ლონდონის აეროპორტების მეშვეობით.
როგორც Reuters-ი წერს, გასაჯაროებულ ფაილებში ჩანს, რომ ეპშტეინი საკუთარი თვითმფრინავით ნორთჰოლთში მდებარე სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვა. შესაბამისად, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ფრენების გადამოწმების ბრძანება გასცა.
„თავდაცვის მინისტრმა გასცა ბრძანება გადაიხედოს ყველა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ჰქონდეს სამინისტროს ეპშტეინის რეისების შესახებ, რომლებიც სამხედრო-საჰაერო ბაზებზე სრულდებოდა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეპშტეინის დანაშაულებს ეხება, აღმოჩენილი იქნება და შესაბამის ორგანოებს გადაეცემა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
0
0