
"აშშ-სთვის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა ძნელად მოსაშორებელი ჩვევაა" - ამ სათაურით, გამოცემა Responsible Statecraft-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში, რომელშიც ვრცელი ანალიზია წარმოდგენილი, საუბარი ძირითადად "MEGOBARI აქტს" და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხება:
"აშშ-ს აქვს იშვიათი შანსი - გადახედოს საერთაშორისო კრიზისებს და ქვეყნის შიგნით, შეხედულებების შეცვლით, გადააფასოს აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ძირითადი მიზნები.
საქართველო, ევრაზიული გზაჯვარედინი კავკასიაში, აშშ- ს ურთიერთსაწინააღმდეგო პრიორიტეტების ეპიცენტრად იქცა რეგიონში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული "მეგობარი აქტი“ ("მობილიზება და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის აღსადგენად“), წარმოადგენს საქართველოს მიმართ ულტიმატუმების სერიას, რომელიც ცივი ომის შემდგომი დასავლეთის საგარეო პოლიტიკის ბევრ ნაცნობ იდეას ასახავს.
კანონის ძირითადი მიზანია "რუსეთის სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების საქართველოში შეღწევის შესწავლა", რასაც დამატებული აქვს ჩინეთის გავლენა და შესაძლო "რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთა საქართველოში“.
USAID-ისა და კონგრესის შესაბამისი კომიტეტების 90-დღიანი დეტალური გამოკვლევის შემდეგ გადაწყდება, ვის დაუწესდება სანქციები და იმსახურებს თუ არა საქართველო სრულფასოვან ურთიერთობას აშშ-სთან.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მმართველმა პარტია - "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, ან მის დასაბრუნებლად, მხოლოდ კავშირები კი არ უნდა გაწყვიტოს რუსეთთან, არამედ ღია კონფრონტაციული პოზიცია უნდა დაიკავოს, მათ შორის მოსკოვის წინააღმდეგ დასავლური სანქციების აღსრულებითა და სხვა ანტირუსული ზომების გატარებით, რაც ასევე გაწერილია კანონში.
კანონი ასევე მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", წავიდეს მთელ რიგ დამატებით დათმობებზე, რომლებიც დასავლეთის კრიტიკას ეფუძნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით . არის კიდევ უფრო უცნაური პირობაც - რომ "ქართულმა ოცნებამ" თავად დაადგინოს, "უნდა ჩაითვალოს თუ არა არჩევნები არალეგიტიმურად".
როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა 27 მარტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, "MEGOBARI აქტი" სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
თითქოს "ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად" მიღებული აქტის მიზანია, დასაჯოს კანონიერი, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იმის გამო, რომ ის ატარებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არ მოსწონს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წრეებში ზოგიერთ წარმომადგენელს.
ეს ფაქტი თავისთავად პრობლემურია, რადგან ის დემოკრატიის დაცვის სახელით ჩაერევა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში, რათა აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ შედეგებზე მოახდინოს მანიპულირება.
მეორე და უფრო სერიოზული პრობლემაა ის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, მსგავსი ზეწოლა, რეალურად ზიანს აყენებს იმ მიზნებს, რომლებიც თავად აშშ-ს აქვს რეგიონში.
საქართველოს ვაჭრობის დაახლოებით 11% მოდის რუსეთიდან და 2022 წლის შემდეგ ეს ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდა, მათი გაწყვეტა ქვეყანას გააღატაკებს..
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველომ 2008 წელს იბრძოლა და წააგო ომი რუსეთთან, ამ კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია დასავლეთის ზეწოლით, თბილისისთვის გამანადგურებელი იქნება.
საქართველოსთვის იმის მოთხოვნა, რომ ჩაიდინოს ეკონომიკური თვითმკვლელობა, ან გარისკოს რუსეთთან ომის დაწყება დასავლეთის სანქციებისა და შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, რბილად რომ ვთქვათ, არ არის მიმზიდველი შეთავაზება.
2008 წლის კრიზისმა აჩვენა, რომ დასავლეთს არა მხოლოდ არ უნდა იბრძოლოს რუსეთთან საქართველოს გამო, არამედ არც აპირებს ამის გაკეთებას.
დასავლეთის სურვილში, ხელახლა გადახედოს ამ საკითხს, გარკვეული ცინიზმიც შეიმჩნევა, რაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს არ გამორჩათ მხედველობიდან.
ამასობაში, რუსეთმა 2008 წლიდან სულ უფრო დამაჯერებელი გზებით მიანიშნა, რომ ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რათა დააბალანსოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაცია დასავლეთის უსაფრთხოების სივრცეში.
ამ რეალობების გათვალისწინება და მათზე მორგებული საგარეო პოლიტიკის წარმართვა არა დემოკრატიის შეურაცხყოფა, არამედ საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ "ქართული ოცნების", უმაღლესი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების წინაშე.
სწორედ ამ მიზეზების გამო, "MEGOBARI აქტი" სავარაუდოდ, საწინააღმდეგო შედეგს გამოიწვევს - როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
აშშ-ის გაზვიადებული რეაქცია საქართველოს პრაგმატულ დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ, უკურეაქციას იწვევს და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ამით აიძულებს თბილისს, რუსეთთან კიდევ უფრო შემრიგებლური კურსი აირჩიოს.
საქართველო, დასავლეთის სანქციების მტკივნეული შედეგის შესამსუბუქებლად, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს არამარტო რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც - რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას კიდევ უფრო დააშორებს აშშ-სა და ევროპას.
სრული დიპლომატიური ნორმალიზაცია საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც წარსულში წარმოუდგენლად ჩანდა 2008 წლის კონფლიქტის გამო, დღეს უკვე სავსებით რეალური პოლიტიკური შესაძლებლობაა. ამან შეიძლება გზა გაუხსნას რუსეთ-საქართველოს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობასაც კი, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო ჩამოაშორებს საქართველოს დასავლურ კურსს.
"მეგობარი აქტის" უფრო ღრმა პრობლემა ის არის, რომ ეს კანონი და მისი მსგავსი ინიციატივები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პურიტანული ხედვიდან მომდინარეობს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს აიძულებს, დასავლეთსა და რუსეთს შორის მხარე დაიკავოს ისე, რომ ეს ქვეყნებისთვის საზიანო იყოს და არ ემსახურება რაიმე ხელშესახებ ამერიკულ ინტერესებს.
აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ უნდა ეფუძნებოდეს იმ რეალობას, რომ ამერიკა არ გახდება უფრო აყვავებული ან უსაფრთხო, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ წინა ხაზზე მყოფ ბაზად გადაიქცევა.
აშშ-ს, მარტივად რომ ვთქვათ, არ გააჩნია ისეთი სტრატეგიული ინტერესი, რომელიც გაამართლებს იმ ძვირადღირებულ, სახიფათო და წარუმატებელ მიდგომას, რომლის შედეგადაც შესაძლოა რეალურად შეეჯახოს რუსეთს ევრაზიის ამ ნაწილში გავლენების გამო.
საქართველო და სხვა ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ცდილობენ, რაც სრულიად ბუნებრივია, დაამყარონ მჭიდრო ურთიერთობები დასავლეთთან ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ღია დაპირისპირებაში რუსეთთან, დომინანტურ რეგიონულ მოთამაშესთან.
ვაშინგტონს სრულიად რაციონალური საფუძველი აქვს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებთან ისეთი მოპყრობა შეძლოს, რაც უზრუნველყოფს დაბალ ხარჯებს, დაბალ რისკებს რუსეთთან დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას და სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
არსებული ვითარების ფონზე, ცხადია, თბილისი უნდა წაახალისონ განაგრძოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც საქართველოსთვის, ისე ყველა დაინტერესებული მხარისთვის - ეს არის ყველაზე გონივრული გზა.
თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა, თავი დააღწიოს იმ მოძველებულ ლოგიკას, "ჩვენთან, ან ჩვენს წინააღმდეგ", რაც MEGOBARI აქტის" კანონპროექტს უდევს საფუძვლად.
ამის ნაცვლად, საჭიროა სტრატეგია, რომელიც კი არ აკნინებს, არამედ სრულად აღიარებს ადგილობრივი მოთამაშეების სუვერენიტეტს და მათ უნარს, თვითონ აირჩიონ ისეთი მოქნილი და ფრთხილი საგარეო კურსი, რაც პასუხობს იმ რთულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან,"- აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორია მარკ ეპისკოპოსი - ევრაზიის მკვლევარი ქუინსის პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი მმართველობის ინსტიტუტში.
ის ასევე ისტორიის პროფესორია მერიმაუნტის უნივერსიტეტში. ეპისკოპოსს აქვს ისტორიის დოქტორის ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტიდან და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი ბოსტონის უნივერსიტეტიდან.
0
0