
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ჭანტურაიას ჩვენების მიხედვით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „საპროტესტო აქციებისას განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად“, 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ზარალმა 62 785 ლარი შეადგინა.
აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესზე, პროკურორის კითხვაზე, კონკრეტულად თუ რა ქონება დაზიანდა ძალადობრივი მოქმედებების შედეგად, ჭანტურაიამ აღნიშნა, რომ დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის ბალანსზე არსებული ქონება, კერძოდ კი, მეხანძრე-მაშველების სამოსი, სამაშველო ტექნიკა.
მოწმის ჩვენებით, დაზიანებული სამოსის საფასური 8 894 ლარს შეადგენს, სატრანსპორტო საშუალებების საფასური შეადგენს 53 891 ლარს, საერთო ჯამში ზარალმა 62 785 ლარი შეადგინა.
როგორც ჭანტურაიამ განმარტა, დაზიანებული ნივთები ძირითადად, დამწვარია, ასევე აქვს მექანიკური დაზიანებები - სხვადასხვა საღებავი შესხმული და ა.შ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0