
გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას ვიღებთ ყველგან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში – ბოიკოტი“.
„ჩვენ ასეთ ბოიკოტს არ ვაპირებთ. გადაწყვეტილება მივიღეთ და ვთქვით, ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ნიშნავს, რომ მონაწილეობას ვიღებთ ყველგან. ჩვენთვის არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ თბილისში მცხოვრები ადამიანები იმსახურებენ არაბოიკოტს და ვთქვათ, ხაშურში ან სადმე იმსახურებენ ბოიკოტს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ბუჩუკური ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ელისაშვილი კანდიდატებზე საუბრობს: „საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო“.
ანა ბუჩუკურის შეფასებით, თბილისის მერობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარდგენის იდეა რამდენიმე თვის წინ ჰქონდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხს რაც შეეხება, რამდენიმე თვის, დაახლოებით 7-8 თვის წინ გვქონდა ჩვენ ეს იდეა, სალომე ზურაბიშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია. ვიდრე „ლელო“ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ ისედაც ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების ძებნაზე ვიყავით გადასულნი და „ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ელისაშვილის ნათქვამს, მხოლოდ ელისაშვილისგან ვიცი ეს და არ ვიცი, „ლელომ“, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება. ვგულისხმობ რაღაც გარკვეულ ლოკაციებზე მონაწილეობას და დანარჩენზე ბოიკოტს. მგონი, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, როგორც ვიცი, მხოლოდ ალეკო ელისაშვილის ნათქვამია. ვისი იდეაც არ უნდა იყოს, დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ ბოიკოტს არსად ვაპირებთ. ჩვენს გუნდს კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონია. ბევრი ცდილობდა, სხვანაირად წარმოეჩინა, მაგრამ ჩვენ და „ლელოს“ კომუნიკაციის პრობლემა არც მანამდე გვქონია, არც ახლა გვაქვს და არც მომავალში ექნება. კომუნიკაცია გვაქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას, საკითხის კომენტირებისას ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს აქციის მასშტაბი შემცირდა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
„სამწუხაროდ, ეს აქცია ბოლო დროს აღარ გამოირჩეოდა ადამიანების მასიურობით, ამას ბევრი მიზეზი აქვს. როგორც ჩანს, ამ ბოიკოტისტებმა, ამ ადამიანებმა კიდევ უფრო შეამცირეს ზომაში პროტესტი, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და გაუგებარია. რვა პარტიას კი ეძახიან საკუთარ თავს, მაგრამ სინამდვილეში, სამი სუბიექტია“.
ასევე, ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, რაზეც ანა ბუჩუკურმა განაცხადა:
„ხაბეიშვილი საკუთარ ამომრჩეველს რომ ჰპირდებოდა მიხეილ სააკაშვილს დავიხსნიო, დაიხსნა? უფრო სერიოზულად რომ ვისაუბროთ – ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა, ეს არის არჩევნები, როგორიც არ უნდა იყოს ის. რეზოლუცია, რადიკალიზმი, შევარდნა, გამოვარდნა, დამხობა, გადამხობა – ეს ყველაფერი აწყობს მხოლოდ ამ ქვეყნის მტერს, მათ შორის ოკუპანტს. ეს უნდა გაიაზრონ. იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს მოვესწროთ და ყველამ გაიაზროს, რომ რადიკალური რევოლუციური სცენარები ამ ქვეყნაში, პირველ რიგში, აწყობს მტერს, მათ შორის რუსეთს“.
0
0