
2026 წლის 13 მაისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP-Institut für Europäische Politik) მიერ და რომელზეც ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტ „RESILIO-ACCESS Monitor“-ის შედეგები წარმოადგინეს. Resilio Access Monitor არის ინოვაციური ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს სამართლის უზენაესობის მედეგობას და ადაპტაციის უნარს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში; მათ შორის, მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობის გამოწვევებსა და მეთოდებს. ინსტრუმენტი მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და თურქეთი.
პროექტის პირველადი შედეგები წარმოადგინეს შემდეგმა პირებმა: ჯონ მორინი - გრონინგენის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის პროფესორი, სამართლის უზენაესობის მიმართულების წამყვანი იურიდიული ექსპერტი; იორკ ალბრეხტი - ბერლინის ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი; მიშა პოპოვიკი- პროგრამის დირექტორი, დემოკრატიის ინსტიტუტი - Societas Civilis; მარია სკორა- ბერლინის ევროპული ინსტიტუტის მკვლევარი.
RESILIO-ACCESS-ის პროექტი სამართლის უზენაესობის მდგრადობას აფასებს ორი ურთიერთშემავსებელი განზომილებით: შესაძლებლობა და ფუნქციონირება. მდგრადობა, როგორც შესაძლებლობა ყურადღებას ამახვილებს იმ პირობებზე, რომლებიც სისტემას საშუალებას აძლევს, გაუძლოს ზეწოლას ისე, რომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქციები. ეს პირობები სცდება მხოლოდ ფორმალურ ინსტიტუტებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებს და მოიცავს, ასევე, სამართლებრივ კულტურას, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედია კონტროლს. ეს ელემენტები ერთად ქმნის როგორც სამართლის უზენაესობის სტრუქტურულ საფუძველს, ისე უფრო ფართო საზოგადოებრივ გარემოს, სადაც ის ფუნქციონირებს. მდგრადობა, როგორც ფუნქციონირება კი ასახავს მდგრადობის დინამიკურ განზომილებას. ის იკვლევს, როგორ რეაგირებს სისტემა პრაქტიკაში კონკრეტულ საფრთხეებზე, მაგალითად ავტოკრატიზაციის მცდელობებზე დემოკრატიულად არჩეული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. სამართლის უზენაესობის ფუნქციური მდგრადობა სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც მისი შესაძლებლობები სხვადასხვა სტრესორის ზემოქმედების ქვეშ ექცევა.
ამ ორი განზომილების გაერთიანებით, Resilience Monitor უზრუნველყოფს სამართლის უზენაესობის მდგრადობის ყოვლისმომცველ შეფასებას. ის ავლენს ინსტიტუციური სტაბილურობის ძირითად პირობებს, აფასებს სისტემების რეაგირების უნარს სხვადასხვა სტრესორზე და ნათლად წარმოაჩენს სამართლის უზენაესობის სტრუქტურულ მოწყვლადობას. RESILIO-ACCESS ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს 2024 წლისთვის და, სადაც ეს შესაძლებელია, ასევე ისტორიულ მონაცემებს 2014 წლიდან (მაგალითად, სამართლის უზენაესობის განვითარების შესაფასებლად). გამოყენებული იყო მონაცემები World Justice Project-ის, European Commission for the Efficiency of Justice-ის, Global Initiative Against Transnational Organized Crime-ისა და Varieties of Democracy-ის წყაროებიდან.
RESILIO-ACCESS Monitor გარდაქმნის შერჩეული კანდიდატი ქვეყნების მონაცემებს სისტემურ სტრუქტურად, რომელიც მოიცავს: სამართლის უზენაესობის მდგრადობის სხვადასხვა განზომილების მნიშვნელობებს (პირველადი და დამხმარე რესურსები, ასევე სტრესული ფაქტორები); თითოეული ქვეყნის სამართლის უზენაესობის საერთო შესაძლებლობას, რომელიც აერთიანებს პირველადი და დამხმარე რესურსების მაჩვენებლებს; სამართლებრივი მდგრადობის ფუნქციონირებას, რომელიც წარმოდგენილია რესურსებს, შესაძლებლობასა და სტრესულ ფაქტორებს შორის კორელაციებით; სამართლის უზენაესობის საერთო მდგრადობის პოტენციურ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი რესურსების გაუმჯობესებამ შერჩეულ ქვეყნებში.
ყველა საბოლოო ცვლადი, პირველადი და დამხმარე რესურსები, სამართლის უზენაესობის შესაძლებლობა და სტრესული ფაქტორები, ნორმირებული იყო 0-დან 1-მდე სკალაზე, სადაც მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს უფრო ძლიერ შესაძლებლობაზე ან სტრესული ფაქტორების უფრო მაღალ ინტენსივობაზე.
პროექტის შედეგების წინასწარი ანალიზის წარდგენისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლევამ გამოავლინა ოთხი კლასტერი კანონის უზენაესობის შესაძლებლობების მიმართულებით და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. დაბალი შესრულება: თურქეთი (გამონაკლისი).
2. მეორე კლასტერი: უკრაინა და ხუთი დასავლეთ ბალკანური ქვეყანა (დასავლეთ ბალკანეთი მონტენეგროს გარეშე).
3. მესამე კლასტერი: მოლდოვა.
4. უმაღლესი შესრულება: მონტენეგრო და საქართველო.
ექსპერტების მიერ აღინიშნა, რომ ქვეყნების შეფასებისას იხელმძღვანელეს შემდეგი ინდიკატორით: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, რა ნაწილშიც მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. გარდა ამისა, შეფასდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურობა და ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება, რაც გულისხმობს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის კანონისმიერი დაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მაღალი რეიტინგი განპირობებულია "კარგი საწყისი პოზიციით" 2014-2024 წლების მონაცემებში და მისი სისტემის „მოქნილობით“ უარყოფითი ეფექტების ასაცილებლად. ამასთან, გამოთქვეს ვარაუდი, რომ ქვეყნის მომავალ შეფასებაში, სავარაუდოდ, აისახება ბოლო უარყოფითი ცვლილებები. დისკუსიის მსვლელობისას, ონლაინ აუდიტორიის მხრიდან კრიტიკულად შეფასდა საქართველოს „მაღალი შეფასება“ და ექსპერტს მოუწია რამდენჯერმე გამეორება იმისა, რომ შეფასების შედეგები 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით იქნა წარმოდგენილი.
0
0