
საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის გამართვა ოთხშაბათისა და ხუთშაბათის გარდა, სამშაბათსაც იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელზეც დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
პროექტში აღნიშნულია, რომ „დგინდება ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვის დასმის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათის 12 საათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის დღის ბოლომდე, ხოლო აღნიშნული შეკითხვის მისი ადრესატისთვის გადაცემის მაქსიმალური ზღვრული დრო − პარლამენტის მორიგი სხდომების კვირის წინა კვირის ოთხშაბათი − ხანგრძლივდება იმავე ოთხშაბათის მომდევნო დღის ბოლომდე“.
ასევე, ცვლილებებით ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, სხვა საკითხების განხილვით დაიწყოს და გაგრძელდეს ინტერპელაციით. ამასთანავე, ზუსტდება, რომ ინტერპელაციის გამართვის დროს წერილობითი შეკითხვის ავტორსა და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.
0
0