14/11/2024
23:36
პოლიტიკა
რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირმა მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი და უმძიმესი ეკონომიკური განვითარება.
„მგონია, რომ ევროკავშირისთვისაც არის ძალიან სასარგებლო ის შედეგი, რომელიც დადგა აშშ-ში. იცით, გასულმა ოთხმა წელიწადმა რა მოუტანა ევროკავშირს. უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის სამხედრო აგრესიის მთავარი მსხვერპლი ომში უშუალო მონაწილეების შემდეგ იყო ევროკავშირი, რომელმაც შედეგად მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი, უმძიმესი ეკონომიკური განვითარება. გერმანია რომ ავიღოთ, სერიოზული პრობლემები აქვს ავტომობილების ინდუსტრიას, რაც არის გერმანიის სამარკო ნიშანი. სხვა ქვეყნებშიც არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ძალიან დაბალი ზრდის მაჩვენებელია, ქვეყნების დიდ ნაწილში არის ეკონომიკის ვარდნა. ეს ყველაფერი ევროკავშირს და ევროპას მოუტანა უკრაინაში მიმდინარე ომმა. ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროკავშირის ლიდერები უნდა იყვნენ მეტად ორიენტირებული აშშ-ის ხელისუფლებასთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
0
0