15/06/2023
15:21
პოლიტიკა
საქართველოს საჯარო რეესტრმა "ფორმულაში" ცვლილებების გატარებაზე კიდევ ერთხელ უთხრა უარი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს. მიზეზი ისევ ვადაგასული ქართული პირადობის მოწმობაა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს.
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით დავით კეზერაშვილს არ უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (სტატუსი გაუქმებულია - დოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია)", - წერია საჯარო რეესტრის მიერ 12 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლითაც შეჩერებულია "ფორმულაში" წილების მფლობელებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანის პროცესი.
ტელეკომპანია "ფორმულის" 25-პროცენტიანი წილის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის ("თავისუფლების ფორმულა") გადაცემაზე მოთხოვნა არხის დირექტორის სახელით საჯარო რეესტრში 9 ივნისს შევიდა. ამ განაცხადს თან ერთოდა დავით კეზერაშვილის კუთვნილი 51-პროცენტიანი წილიდან ნახევრის თანამშრომლებისთვის გადასაცემად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი. დავით კეზერაშვილის ნაცვლად დოკუმენტებს ხელს აწერდა მისი მინდობილი პირი სოფიო ბრიტანჩუკი, რომელიც ამავდროულად არის არხის დირექტორის მოადგილე.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩადებულია განსაკუთრებული პირობა: "თავისუფლების ფორმულას" აეკრძალოს "ფორმულას" ყველა არსებული პარტნიორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გაასხვისოს, გადასცეს, დააგირაოს ან რაიმე უფლებით დატვირთოს "ფორმულაში" წილი. ეს შეზღუდვა მოქმედებს უვადოდ".
ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის ნახევრის დათმობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით: “თაღლითობის გლობალური ქსელი”. მასში საუბარი იყო ამ სქემასთან დავით კეზერაშვილის შესაძლო კავშირებზე.
0
0