25/04/2023
11:48
მსოფლიო
აპრილის მონაცემებით უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგების საშუალო დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შემცირდა, რასაც წინ უძღოდა იანვარ-მარტში ოკუპანტთა დანაკარგების მომატებული რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა ავრცელებს.
„უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ რუსების საშუალო დღიური დანაკარგები მარტში 776-იდან აპრილში 568-მდეა შემცირებული“, - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსების ცოცხალი ძალის დანაკარგების შემცირება იმით არის განპირობებული, რომ ხმელეთზე თავდასხმების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო და მტრის ძალებმა უკრაინის შეტევითი ოპერაციის მოლოდინში, მზადება ამ მიმართულებით დაიწყეს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, ქვეყნის ტერიტორიაზე 188 000-მდე ოკუპანტია ლიკვიდირებული.
0
0