07/10/2022
19:05
სხვადასხვა
საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ საუკეთესო აზრები ბანაობის დროს მოგვდის თავში, თუმცა ზუსტად არ ვიცით რატომ.
უკვე წლებია, რაც მეცნიერები ეგრედწოდებულ “საშხაპის ეფექტს” განიხილავენ და მის გამომწვევ მიზეზებზე დაობენ. ბოლო დროს ჩატარებული ორმა ექსპერიმენტმა ამ ნისლიან საკითხს ნათელი მოჰფინა.
ექსპერიმენტებს ხელმძღვანელობდა ზაკ ირვინგი, მკვლევარი და კოგნიტური მეცნიერების ფილოსოფიის ლექტორი ვირჯინიის უნივერსიტეტში. მისი თქმით, უწყვეტი კონცენტრაცია და რაიმე საკითხისკენ მიმართული მუდმივი ყურადღება შემოქმედებითობის მტერია.
კვლევის თანახმად, რაიმე ამოცანაზე თავის მტვრევის მაგივრად, სანამ მას არ ამოხსნით, სჯობს ამოცანიდან ყურადღება გადაიტანოთ და მსუბუქი და არადამღლელი საქმე გააკეთოთ - მაგალითად, საშხაპეში იბანაოთ. ასეთი გარემო თქვენს ფიქრებს საშუალებას აძლევს თავისუფლად, მიზნისა და მიმართულების გარეშე, თუმცა ქვეცნობიერი მოტივებით იხეტიალონ.
როცა თქვენი ტვინი შეუზღუდავად აზროვნებს, მკვლევრები ფიქრობენ რომ, უფრო დიდია ალბათობა ჭკვიანური აზრი მოგივიდეთ თავში.
თუმცა არ გეგონოთ რომ სულ არაფრის კეთება კრეატიულობის გასაღებია. ასეთ დროს, გინდათ თუ არა, თქვენ ისევ პირველად ამოცანას უბრუნდებით.
“ვთქვათ, კითხვაზე პასუხს ვერ პოულობთ. რას იზამთ? ალბათ რაიმე საოცრად მოსაწყენით, მაგალითად საღებავის გაშრობის ყურებით, არ დაკავდებით. ამის მაგივრად, სხვა რამეს გააკეთებთ - სასეირნოდ გახვალთ, ყვავილებს მორწყავთ, ან შხაპს მიიღებთ. ეს აქტივობები ზომიერად მომთხოვნია,” - ხსნის ირვინგი.
როგორც ჩანს, განსაკუთრებული იდეების გამომუშავებას თავისუფალ ფიქრსა და კონცენტრირებულ აზროვნებას შორის სწორი ბალანსი სჭირდება.
ირვინგის პირველ ექსპერიმენტში მონაწილეობა 222 ადამიანმა, უმეტესად ქალებმა, მიიღეს. ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს დაევალათ 90 წამში აგურისთვის ან ქაღალდის სამაგრისთვის რაც შეიძლება მეტი გამოყენების გზა მოეძებნათ. შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით მონაწილეებმა ან ფილმიდან “როცა სალი შეხვდა ჰარი" მოკლე საინტერესო ვიდეორგოლს უყურეს ან მოსაბეზრებელ ვიდეოს, რომელიც აჩვენებდა კაცებს, რომლების სარეცხს კეცავდნენ. ვიდეორგოლებს ერთიდაიგივე ხანგრძლივობა ჰქონდათ.
ვიდეორგოლების ყურების შემდეგ, მათდა მოულოდნელად მონაწილეებს 45 წამი დამატებითი საფიქრალი დრო მიეცათ.
მკვლევრებმა იდეების კრეატიულობა ორიგინალურობაზე დაყრდნობით შეაფასეს. ამასთან ერთად მონაწილეებს ვიდეოების ყურების განმავლობაში თავისუფალი ფიქრის პროცესის შეფასება სთხოვეს.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს რომ მონაწილეებს, რომლებმაც ფილმიდან ამოჭრილ საინტერესო მონაკვეთს უყურეს, უფრო კრეატიული და გამორჩეული აზრები მოსვლოდათ, ვიდრე მონაწილეებს, რომლებმაც სარეცხის კეცვის ამსახველი ვიდეო იხილეს.
მოწყენილობა და გონებივი უსაქმურობა კრეატიულობას არ ზრდიან.
მეორე ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელსაც 118 მონაწილე ჰყავდა, პირველი ექსპერიმენტი გაიმეროს, თუმცა ამ შემთხვევაში მონაწილეთა ნახევარი გააფრთხილეს, რომ ვიდეორგოლის ყურების შემდეგ პირველად ამოცანას დაუბრუნდებოდნენ. მეორე ექსპერიმენტის შედეგი პირველისას ადასტურებს. ამასთან ერთად მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მონაწილეებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამოცანას დაუბრუნდებოდნენ, მეტი, მაგრამ ნაკლებად აღსანიშნავი იდეა გამოიმუშავებს.
ასე რომ, თუ ამოცანას ვერ ხსნით და იდეების ნაკლებობას უჩივით, არ იფიქროთ ამოცანაზე და იდეების მოფიქრებაზე - მიიღეთ შხაპი!
კვლევა ჟურნალ Psychology of Aesthetics, Creativity, and the Arts-ში გამოქვეყნდა.
წყარო: ScienceAlert
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0