26/07/2023
12:59
საზოგადოება
გორის და ატენის ეპარქია განმარტავს, რატომ დაიცვა მეუფე ანდრიამ დისერტაცია რუსეთში.
განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
"გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ახლახანს, სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.
თემა იყო: "ვაჰანის ქვაბები: ადგილი და მნიშვნელობა ძველქართულ სამონასტრო ტრადიციაში".
ამ ნაშრომში ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი ქართულ სამონასტრო ტიპიკონთაგან, ერთერთი ყველაზე სრულყოფილი ვარიანტი, მასში ჩანს საკითხისადმი მეუფის ახლებური მიდგომა და ხედვა. "ვაჰანის ქვაბთა განგების" მუხლები განხილულია საღვთისმეტყველო ჭრილში, რაზედაც აქამდე, ამ კუთხით არავის უმუშავია.იგეგმება ამ ნაშრომის წიგნად გამოცემაც, ქართულ-რუსული ვერსიით.
ვულოცავთ მეუფეს აღნიშნული სამეცნიერო ხარისხის მიღებას და მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას და სიკეთეს ვუსურვებთ. ❤
ახლა სხვა რამესაც მინდა შევეხო:
როგორც მოსალოდნელი იყო, ატყდა ამბავი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ მედია საშუალებებსა და მათთან ასოცირებულ გარკვეულ ჯგუფებში და ამ საკითხისადმი პოლიტიკური სარჩულის გამოკერება არ დააყოვნეს - როგორ თუ მიტროპოლიტმა რუსეთში დაიცვა დისერტაცია!
თუ ეს დაგაწყნარებთ, გეტყვით, რომ ამ სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა მეუფემ, ჯერ კიდევ, 10 წლის წინდაიწყო, სწავლობდა ტიხონის უნივერსიტეტში და, ბუნებრივია, რომ დაცვაც აქვე შედგა.
მოგეხსენებათ, ყველაფერს აქვს თავისი ვადები და ამ ვითარებაში, მეუფე რუსეთში არ ჩასულა. დაცვა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.უკვე გაჟღერდა და დიახ, ასეა, თავის დროზე ამავე უნივერსიტეტში აქვს დაცული დისერტაცია კიდევ 3 წმ. სინოდის წევრს: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირს), მიტროპოლიტებს - ნიკოლოზს (ფაჩუაშვილს) და სტეფანეს (კალაიჯიშვილს).
საქართველოში სასულიერო აკადემიას ამ ბოლო წლებამდე არ ჰქონდა სადისერტაციო საბჭო და რუსულ ენასთან უფრო მეტმა სიახლოვემ განაპირობა ასეთი მოცემულობა. ვისაც ბერძნულ ენასთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, მან საბერძნეთში ისწავლა და ა. შ.
ვეღარ გაიგებ ამ ხალხისას: ხან იმას ჩივიან, ეპისკოპოსებს და, ზოგადად, სასულიერო პირებს, რატომ არა აქვთ მეტი განათლებაო და ვინც იღებს ამ განათლებას, მერე იმაზე ჩივიან, რად უნდოდაო?!.. 🙂🤔
ახლა, ვისაც რუსეთის ხსენება ყველა ბრუნვაში მოგწონთ და ვინც ამ თემას ატრიალებთ, იმათ შეგახსენებთ:
რუსეთი იყო, არის და იქნება დამპყრობელი და ოკუპანტი, მაგრამ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. ამ ერთან მრავალი წელი გვაკავშირებს და ამ უზარმაზარ სახელმწიფოს ჩვენი ისტორიიდან და მეზობლობიდან, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვერ გავაქრობთ.განათლება, კულტურა და სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული ჰქონდათ ჩვენს დიდ მოაზროვნეებსაც.
გავიხსენოთ თუნდაც, ილია, აკაკი, ვაჟა, სასულიერო თუ საერო მოღვაწეები, რომლებიც რუსეთში იღებდნენ განათლებას, მაგრამ, ამასთანავე, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მედროშეები იყვნენ საქართველოში. განა მათ არ იცოდნენ, რომ დამპყრობელთან ჰქონდათ საქმე? მაგრამ სწავლას, განათლებას, კულტურას რუსეთის საშუალებითაც იღებდნენ და მერე საკუთარ ქვეყანას ახმარდნენ.
დღეს არ გამხდარა რუსეთი ოკუპანტი, დიდი ხანია ეს ასეა და ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობდა რუსეთში გამართულ კონფერენციებსა თუ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებში.ჩემი რამდენიმე სტატია და ასევე ჩემი კოლეგების არაერთი ნაშრომი გამოქვეყნებულია რუსულ მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში და ა. შ.
რა ვქნათ ახლა? ჩვენ ყველანი მოღალატეები ვყოფილვართ, რუსეთუმეები, თქვენ გიყვართ მარტო ეს ქვეყანა და ჩვენ არა?
ან რა ვუყოთ იმ მილიონამდე ჩვენ თანამემამულეს, ვინც რუსეთში წლებია ცხოვრობს და აქ მრავალ ოჯახს არჩენს? გადავყაროთ? არ მივიღოთ?..
გამოდით ამ ზედაპირული აზროვნებიდან და შეზღუდული, ვიწრო ხედვიდან. ვისაც რა შეგიძლიათ, ის აკეთეთ, ოღონდ სხვის ლანძღვა-გინებას მოეშვით და ხელს ნუ უშლით მათ, რომლებიც თავიანთი შრომით ეროვნულ საქმეს ემსახურებიან.
ერთმა დაწერა: "ამ დროს მეუფე აფხაზეთიდან დევნილიაო"...
დიახ, ბატონო, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ აფხაზეთის ომის მონაწილეცაა და აგვისტოს ომშიც ის პატრონობდა მიტოვებულ შიდა ქართლს მეუფე ისაიასთან ერთად, რის გამოც, მაშინდელმა პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის მედლით დააჯილდოვა.
იმ ხალხს, ვინც დღენიადაგ ლანძღავს ჩვენს პატრიარქს, წმ. სინოდს, სასულიერო დასს და ზოგადად საქართველოს და მოყვასს, მინდა ვუთხრა, რომ საკუთარი თუ არ გიყვარს, ვერც სხვას შეიყვარებ! ჯერ თვითონ გააკეთეთ უკეთესი საქმე, რასაც ისინი აკეთებენ და მერე შეაფასეთ სხვისი, თუ გაქვთ საერთოდ, ამის უფლება!..
"ვინც შორსაა ბოროტებისგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებასო" - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი.გაახილეთ თვალი, გაალღვეთ ეგ გაქვავებული გულები და დაამშვიდეთ ამღვრეული გონება.
"როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს.
ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი!" - ამბობს წმ. იოანე კიბისაღმწერელი.დროებითია წუთისოფელი! ნუ დარჩებით ამ მდგომარეობაში! ნუ აღივსებით შურით! ნუ მოუსპობთ საკუთარ თავს სინანულის შესაძლებლობას! ნუ გადაუვლით და შესდგებით ფეხებით ადამიანებს! ნუ დასწამებთ ცილს და ნუ შეაფერხებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შანსს!
იცხოვრეთ სიყვარულით! ამით ღმერთი შეიწყნარებს თქვენს ყველა უძლურებას, ცოდვას და იმქვეყნად არ გაგიხსენებთ!..
ესაა ქრისტიანული სწავლება და ჩვენ არაფერს ვიგონებთ!
და ბოლოს:
ღმერთმა წყალობა არ მოაკლოს მეუფე ანდრიას, შეუწიროს მრავალწლიანი შრომა და არ მოგვიშალოს მისი ლოცვა-კურთხევა უკუნისამდე, ამინ!" - აღნიშნულია განმარტებაში.
0
0